დღეს, თბილისი არენაზე “ა” ლიგის 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთი მთლიანად მე-2 წრის ცენტრალური შეხვედრა გახლდათ, მეორეში კი აუტსაიდერები ხვდებოდნენ. ჯერ ცხრილის ფსკერელთა მატჩზე ვთქვათ, მით უფრო, “ასტრალისა” და თსსუ-ს შეხვედრა პირველი გაიმართა.
სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდისთვის ეს იყო ერთ-ერთი ბოლო შანსი, რათა ბოლო ადგილისთვის ბრძოლაში დარჩენილიყო. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილ მედიკოსებს მიმდინარე სეზონში 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ, თუმცა ერთი წაგებისთვის ქულა არ აქვთ აღებული და თუკი ლიგაში დარჩენის ამბიცია აქვთ, ასტრალი აუცილებლად უნდა დაემარცხებინათ. მოგეხსენებათ, ბოლო ადგილზე გასული გუნდი ლიგას ტოვებს და მას სტუდენტური ლიგის გამარჯვებული ენაცვლება. თსსუ სწორედ სტუდენტური ლიგის მოგების შედეგად გადმოვიდა “ა” ლიგაში, სადაც ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
მედიკოსები 3 პერიოდი ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ ასტრალს, თუმცა ბოლო ათწუთეულში გატყდნენ. ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილ გუნდს ლეგიონერებმა დიდი სამსახური გაუწიეს და სწორედ ამერიკელთა შედეგიანი თამაშის წყალობით ასტრალმა დასკვნით წუთებში მოახერხა გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობის, საბოლოოდ კი გამარჯვების მოპოვება – 85:74 (სტატისტიკა).
ასტრალში 21 ქულით, 12 მოხსნით და 4 პასით ალონზო მაკგი გამოირჩა. 24 ქულა ჰქონდა სოლომონ კლეიტონს, 16 ქულა კრისტოფერ ვაიტაკერმა დააგროვა. ამერიკელ ტრიოზე არანაკლებ სასარგებლო იყო ლუკა ტაბაღუა, რომელმაც 15 ქულა, 11 პასი და 4 პასი მიითვალა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო იყო გიორგი გოგია, რომელმაც 17 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუკა ხარაბაძემ.
ლიდერთა მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო და დაძაბული. სოხუმი-საქართველოსა და ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდის დაპირისპირება 33-ქულიანი სხვაობით დასრულდა. პირველი წრის მსგავსად, თუმცა ამჯერად იოლად იმარჯვა ვსა-მ. აკადემიელებმა პირველ წრეში ბოლო წამზე, ჯერმეინ ჰედის გარღვევით 2 ქულით დაამარცხეს სოხუმი-საქართველო, ამჯერად კი პირველივე პერიოდში 16-ქულიანი ლიდერობა დაიბევეს და მას შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუშვიათ.
ვსა-მ ძალიან დაბალანსებული, პრაგმატული, სწრაფი კალათბურთი ითამაშა. სწრაფი შეტევებით აკადემიელებმა მეტოქის დაცვა აიკლეს, არც სამქულიანებს აკლებდნენ და ზოგადად, სოხუმელებს ამ მატჩის მოსაგებად მცირედი შანსიც არ მისცემიათ. ვსა-მ საბოლოოდ 112:79 (სტატისტიკა) მოიგო, რაშიც გამორჩეული წილი დავით კაკუშაძის ლიდერობით ამერიკელმა ლეგიონერებმა დაიდეს. ეროვნული ნაკრების ახალწვეულმა კაკუშაძემ 22 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა. 28 ქულა მიითვალა კამერონ უორენსმა, წინა მატჩის გმირმა ჯერმეინ ჰედმა კი ამჯერად 18 ქულა და 12 პასი მიითვალა. სოხუმი საქართველოში 25 ქულითა და 6 პასით დეშონ პარკერი გამოირჩა, მამუკა ბაზუაშვილმა 17 ქულა დააგროვა.
ცხრილს კვლავ სოხუმი-საქართველო ლიდერობს, თუმცა ვსა-ს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. აკადემიელებს 6-დან 6 მოგება აქვთ და დაკარგული ქულებით უპირობო ლიდერები არიან. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში 4 საუკეთესო გუნდი გადის, ბოლო (მე-6 ადგილი) ლიგას ტოვებს, ხოლო მეხუთეადგილოსანი ლიგაში დასარჩენად მომავალი სეზონის დაწყებამდე საკვალიფიკაციოში იბრძოლებს.