„ატლანტა ჰოუქსმა“ დღეს, გამთენიისას, ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი, ბოლო 4 სეზონიდან 3–ის მომგები „ბოსტონი“ 88:83 დაამარცხეს და ეს, როგორც ამერიკელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, უპირველესად ზაზა ფაჩულიას დამსახურებაა. ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი მოინაგრა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფაჩულია გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო.
„ატლანტა“ მესამე მეოთხედში 12 ქულით აგებდა და ყველაფერი ბოსტონელთა სასარგებლოდ მიმდინარეობდა. ამ დროს მოედანზე დაბრუნდა ზაზა ფაჩულია და ყველაფერი შეიცვალა. ქართველმა ცენტრმა პირველ ტაიმშიც ითამაშა, თუმცა მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა მოგროვებული. მესამე მეოთხედის დარჩენილ წუთნახევარში ზაზამ 2 ქულა და რამდენიმე მოხსნა განახორციელა, ხოლო გადამწყვეტ მეოთხედში ბოსტონელებს დიდი პრობლემები გაუჩინა.
ბოლო მეოთხედის წინ „ატლანტა“ 6 ქულას აგებდა, მაგრამ ქართველი ცენტრის ჩინებული გარჯის წყალობით „ჰოუსქმა“ გამარჯვების მოპოვება შესძლო. ფაჩულია ისე იბრძოდა და თამაშობდა, იგი მწვრთნელმა მოედნიდან აღარ გაიყვანა და ბოლო მეოთხედის მთელი 12 წუთი ზაზამ ბრძოლაში გაატარა. აღნიშნულ პერიოდში ფაჩულიამ 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა განახორციელა.
ფაჩულიამ პირწმინდად დაჩაგრა „ბოსტონის“ ლიდერი კევინ გარნეტი. ამ უკანასკნელმა, მართალია, 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, მაგრამ ეს შედეგი, ჯერ ერთი ზაზას მონაგარზე ნაკლები იყო და მეორეც, მატჩის გადამწყვეტ მომენტში ქართველმა ცენტრმა გარნეტს პოზიციურად აჯობა. ყველაფერი ასე მოხდა: თამაშის დასრულებამდე 36 წამით ადრე „ატლანტა“ 84:81 იგებდა, ბოსტონელმა გლენ დევისმა კი ორივე საჯარიმო ააცილა. ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის ფაჩულიამ გარნეტს პოზიცია მოუგო და ბორთსაც უნდა დაუფლებოდა, მაგრამ კევინმა ქართველს ხელი ჰკრა. მსაჯებმა გარნეტი დააჯარიმეს, ხოლო ფაჩულია საჯარიმოს ხაზზე დადგა. თამაშის დასრულებას 30 წამი აკლდა, ზაზამ ორივე სროლა ჩააგდო, „ატლანტა“ 86:81 დააწინაურა, რაც გამარჯვებას ნიშნავდა.
ფაჩულიამ მთლიანობაში 23:22 წუთი ითამაშა და შთამბეჭდავი სტატისტიკაც გაიფორმა. ზაზამ თამაშიდან ნასროლი 6 ბურთიდან 4 მოათავსა ბოსტონელთა კალათში, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან კიდევ უფრო შედეგიანი იყო: 8–დან 7 ჩააგდო.
ქართველ ცენტრს 15 ქულა, 10 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. ეს ზაზას მესამე ორმაგი დუბლია ამ სეზონში.
ფაჩულია „ბოსტონთან“ რომ ძალიან ემოციურად იბრძვის, ახალი ამბავი არაა. ეს მონდომება ხშირად კამათში, ჩხუბშიც კი გადაზრდილა. ზაზას და კევინ გარნეტის ჩხუბზე შარშანწინ მთელი ნბა ლაპარაკობდა. ფაჩულია მომდევნო მატჩშიც წაეკიდა გარნეტს, თუმცა მაშინ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ამჯერად ფაჩულიას და გარნეტს ერთმანეთზე არ გაუწევიათ, ქართველ ცენტრს ბოსტონელი ჯერმენ ონილი წაეკიდა. პირველი მეოთხედის ბოლოს ორთაბრძოლისას ზაზამ ონილს მხარი განზრახ გაკრა, ონილიც ქართველზე გაიწია, მაგრამ მსაჯებმა დაძაბულობა განმუხტეს და ორივე კალათბურთელი ტექნიკური ჯარიმით „დაასაჩუქრეს“.
მიუხედავად იმისა, რომ ეს „ატლანტასთვის“ ზედიზედ მე–4 გამარჯვება იყო, ფაჩულიას გუნდისთვის არაფერი არ იცვლება. ატლანტელები აღმოსავლეთში კვლავ მე–5 ადგილზე არიან და დარჩენილ 5 მატჩშიც ალბათ არაფერი შეიცვლება. მომდევნო მატჩს „ჰოუქსი“ 3 აპრილს ჰიუსტონში გამართავს.
ზაზა ფაჩულიას და კევინ გარნეტის საჰაერო ორთაბრძოლა
ჯერმენ ონილის და ზაზა ფაჩულიას არშემდგარი ჩხუბი