ზესტაფონის მარგვეთის ყველა მატჩი სუპერლიგაში ბრძოლაში წარიმართა და საბოლოო ანგარიშში სხვაობა 5 ქულაზე მეტი არც ერთში არ ყოფილა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ვისაც არ უნდა ხვდებოდნენ, ზესტაფონელებს მოგების შანსი აქვთ და ეს შანსი მიმდინარე ჩემპიონატის 5 მატჩიდან 2-ში გამოიყენეს. სუპერლიგის მე-2 შეხვედრა იმერულმა კლუბმა დღეს, კახეთში მოიგო.
გურჯაანის დელტას კი უცნაური თავისებურება აქვს. გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატის ყველა საშინაო მატჩი წააგო, ხოლო გასვლითებში გაიმარჯვა. აქამდე გურჯაანელებმა შინ ქუთაისთან და კავკასიასთან წააგეს, ხოლო თბილისში რაშთან და ტყიბულში ორბთან იმარჯვეს. ტრადიცია გაგრძელდა მორიგ, მე-5 ტურის მატჩშიც: დელტამ გურჯაანში შეხვედრა ზესტაფონის მარგვეთთან 80:83 (სტატისტიკა) დათმო.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა უფრო ხშირად ზესტაფონელები იგებდნენ. დელტამ პირველი ტაიმის ბოლოსკენ მოახერხა დაწინაურება და დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 42:40. მესამე პერიოდში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ამერიკელი ლეგიონერების შედეგიანობის ხარჯზე მარგვეთმა ბოლო პერიოდში თამაში გამოასწორა და დაწინაურდა. სამქულიანებითა და სწრაფი გარღვევებით სტუმრებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს.
ბოლო წუთზე გურჯაანელებმა ბოლომდე იბრძოლეს და თითქმის უიმედო მატჩი კინაღამ შემოაბრუნეს. 5 ქულით მოლიდერე მარგვეთი უტევდა, მატჩის დასრულებამდე 20-იოდ წამი რჩებოდა, როცა მასპინძლებმა ბურთი ჩაჭრეს და სტუმრები ჯორდან სვოპშირზე სამქულიანის სროლისას დაჯარიმდნენ. ამერიკელმა პირველი და მეორე საჯარიმო ჩააგდო, ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა და მესამე საჯარიმო განზრახ ააცილა. ბურთი თავად სვოპშირმა მოხსნა და 3 ქულის გასაბათილებლად 7 წამზე მეტი რჩებოდა. გურჯაანელებმა სტუმართა ხისტი დაცვის გამო ხელსაყრელ სასროლ პოზიციაზე გასვლა ვერ მოახერხეს. სკილერ პოტერის განწირულ სამქულიანს ლუკა აბულაძემ დააფარა და მატჩიც დასრულდა.
გამარჯვებულებს რაჰსან ედვარდსმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა და 9 პასი მიითვალა. 18 ქულა მელიკ მარტინმა მიითვალა, აკოლ მავეინის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. დელტაში 24 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან სვოპშირი. 11-11 ქულა გეგი ბაქრაძემ, საბა ლობჯანიძემ და ვალერიან წულეისკირმა მიითვალეს.
სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩი 9 ნოემბერს, გორში გაიმართება, სადაც ივერიონი ბათუმს უმასპინძლებს.