About
3X3 კალათბურთი ტრადიციული კალათბურთისგან განსხვავებული, ურბანული სტილის სპორტია, რომელმაც წლების მანძილზე ოფიციალური ფორმა მიიღო და დღეს უკვე ოლიმპიური სახეობაა.
3X3 კალათბურთი ტარდება ნახევარ საკალათბურთო მოედანზე, ოდნავ განსხვავებული წესებით, გაცილებით დინამიურ და სწრაფ ტემპში. თამაში შესაძლებელია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში.
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის 3X3 კალათბურთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან მისი თამაში სპორტის მოყვარულს ნებისმიერ დროს შეუძლია.
საქართველოში 3X3 კალათბურთის ისტორია ქუჩის საკალათბურთო აქტივობებით იწყება, რომელიც პირველად, ჩვენს ქვეყანაში, 16 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია YMCA-მ წამოიწყო, შემდეგ კი წარმატებით გააგრძელა ქუჩის კალათბურთის ასოციაციამ.
დღესდღეობით, საქართველოში 3X3 კალათბურთი ტარდება კალათბურთის ეროვნული ფედერაციის და 3X3 კალათბურთის ფედერაციის ეგიდით, საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის, FIBA-ს სტანდარტების სპეციალურ მოედანზე.
3X3 კალათბურთის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე სისტემატურად ასპარეზობენ საქართველოს ნაკრები გუნდები და FIBA -ს კლასიფიკაციაში საკმაოდ მაღალი რეიტინგი გააჩნიათ.
2016 წელს 3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა 2018 წლის ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა: გუნდურ სათამაშო სახეობაში ქართველი სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდი ოლიმპიადაზე პირველად წარსდგა.
ქართველი კალათბურთელები ოლიმპიადის პლეიოფში გავიდნენ და 8 საუკეთესო გუნდში დაიკავეს ადგილი.
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით საქართველოში 3X3 კალათბურთში მუდმივად იმართება სხვადასხვა ტურნირები. მათ შორის ყველაზე მასშტაბურია საქართველოს ჩემპიონატი – Georgian Tour, რომელიც საქართველოში უკვე მე-6 წელია ტარდება და დედაქალაქის გარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოიცავს.