3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ტურს ბათუმმა უმასპინძლა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში თავი 18-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც ფინალური ეტაპის იმ 1 საგზურისთვის იბრძოდნენ, რომელიც შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულისთვის იყო დაწესებული. ტურნირი უამინდობის გამო, ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში ჩატარდა.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ატარებს კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. ბათუმამდე გაიმართა თბილისისა და ყვარლის შეარჩევი ტურები. დედაქალაქის ტურიდან ფინალური ეტაპის საგზური 8 საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, ხოლო რეგიონებიდან ფინალში მხოლოდ თითო გამარჯვებული გადადის.
ბათუმის შესარჩევ ტურნირში თავმოყრილი 18 გუნდი 6 ჯგუფში გადანაწილდა. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პლეი ოფში გავიდა. 2-მა საუკეთესომ პირდაპირ მოიპოვა ნახევარფინალის საგზური, ჯგუფების დანარჩენმა 4-მა გამარჯვებულებმა მეოთხედფინალში ითამაშეს. პლეი ოფის მატჩებმა საკმაოდ დიდი დაძაბულობით ჩაიარა. ნახევარფინალში “ბრაზიანმა დელფინებმა” 20:18 დაამარცხეს ბაქოს “ფინიქსი”, ხოლო “როკეტსმა” “3×3 აზერბაინს” ანალოგიური ანგარიშით – 20:18 მოუგო.
ფინალურ მატჩში დიდი ბრძოლა გაიმართა. “როკეტსის” გუნდში აკაკი ლომოური, გიორგი ბარბაქაძე, ბეგლარ ალთუნაშვილი და ირაკლი ქაცარიძე გამოდიოდნენ, ხოლო “დელფინების” ღირსებას ირაკლი ნიკურაძე, მერაბ თოთორაძე, მამუკა ბოლქვაძე და დანიელ აბგარიანი იცავდნენ. დაძაბულ ბრძოლაში წარმართული მატჩი “დელფინებმა” 19:18 მოიგეს, ბათუმის შესარჩევის ჩემპიონები გახდნენ და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.
პრიზიორები და გამარჯვებულები აჭარის კალათბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვა. ტურნირის MVP-ის პრიზი “დელფინების” წევრმა, მამუკა ბოლქვაძემ დაიმსახურა.
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 22 ივლისს, “თბილისი მოლში” გაიმართება, მანამდე კი ბოლო შესარჩევი ტურნირები ქუთაისსა და რუსთავში ჩატარდება.
ფინალში დამარცხებული “როკეტსი” გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვა