3X3 კალათბურთში ევროპის U18 თასთან დაკავშირებით რიყის პარკში პრესკონფერენცია გაიმართა

3X3 კალათბურთში ევროპის U18 თასთან დაკავშირებით რიყის პარკში პრესკონფერენცია გაიმართა

6, 7 და 8 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისი პირველად მასპინძლობს 3X3 კალათბურთში 2019 წლის ევროპის თასს 18-წლამდელთა შორის. ღონისძიება გაიმართება რიყის პარკის ტერიტორიაზე და მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 16 ქვეყნის 24 ნაკრები (12 გოგონათა და 12 ვაჟთა) გუნდი. ჩვენი ქვეყანა ევროპის თასზე წარმოდგენილი იქნება როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა ნაკრებით.

ევროპის თასი ტარდება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის – FIBA-ს ეგიდით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. ჩემპიონატს ორგანიზებას უწევს  FIBA-ს 3X3 კალათბურთის დეპარტამენტი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს 3X3 კალათბურთის ფედერაცია და 3X3 კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი.

რიყის პარკში მოწყობილ 3X3 კალათბურთის მოედანზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, 3X3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გრიგოლ გურგენიძე და FIBA-ს 3X3 კალათბურთის განვითარების მენეჯერი რობერტ რემბლინგერი დაესწრნენ (იხილეთ ვიდეო)

ევროპის თასის ფარგლებში, ჩემპიონატის  მსვლელობის სამივე დღეს, 6, 7 და 8 სექტემბერს, რიყის პარკის ტერიტორიაზე გულშემატკივრებისთვის და ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი ზონები და გაიყიდება სხვადასხვა სახის პროდუქცია  – ქართული ხელნაკეთი სუვენირები, საკალათბურთო აქსესუარები,  სათამაშოები და საქართველოში წარმოებული პროდუქტები.

ევროპის თასზე გამოვლინდება გოგონათა და ვაჟთა 3-3 საუკეთესო გუნდი, რომლებიც დაიკავებენ ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ადგილებს და დაჯილდოვდებიან შესაბამისი ჯილდოებით. ვაჟთა და გოგონათა გამარჯვებული ნაკრები გუნდი მოიპოვებს ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

3×3 კალათბურთი გახლავთ სპორტის ოლიმპიური სახეობა, რომელსაც მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილი და როლი უკავია  სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის და განვითარების საქმეში. საქართველოში სპორტის განვითარებისთვისა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში მეტი ჩართულობის კუთხით მნიშნელოვანია მსგავსი რანგის ტურნირის მასპინძლობა.

ევროპის თასზე დასასწრებად თბილისში ჩამოდის FIBA-EUROPE-ის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი, რომელიც მომავალი, 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობასთან საორგანიზაციო საკითხებსაც განიხილავს.

თბილისის რიყის პარკში დაგეგმილი ევროპის თასი 6 სექტემბერს დაიწყება და 8 სექტემბერს საზეიმო დაჯილდოებით დასრულდება.