3X3 კალათბურთში თბილისის მერიის თასი დასრულდა

3X3 კალათბურთში თბილისის მერიის თასი დასრულდა

თბილისის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 3X3 კალათბურთში დედაქალაქის პირველობა ჩატარდა. ტურნირი გაზაფხულზე დაიწყო და სექტემბერში, ლისის ტბაზე გამართული ფინალური ეტაპით დასრულდა.

თბილისის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო დედაქალაქის ყველა რაიონმა. თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალმა გამგეობებმა საკუთარი რაიონის ჩემპიონატები ჩაატარეს და საუკეთესო გუნდები გამოავლინეს, 22 სექტემბერს კი ლისის ტბაზე ფინალური ეტაპი გაიმართა, სადაც ყველა რაიონის გამარჯვებულმა მოიყარა თავი.
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ჯგუფური ეტაპის შემდეგ გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ. შედარებით იოლად – 20:12 დაამარცხა დიდუბის რაიონის გუნდმა „საბურთალო“ და ფინალში გავიდა, ხოლო „ისნისა“ და „მთაწმინდის“ დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება (18:16) ისნის გუნდს დარჩა.

ფინალური შეხვედრა ტურნირის მშვენება გამოდგა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დიდუბელები (დავით ბარბაქაძე, დათო დადუნაშვილი, გიორგი კორსანტია, ვასილ ბერუაშვილი) იგებდნენ, თუმცა „ისანი“, რომლის ღირსებასაც ლევან ლოლიშვილი, საბა სირაძე, ბექა შველიძე და ნიკა ლოლიშვილი იცავდნენ, არ დანებდა და ბოლო წამებზე გამარჯვება მოიპოვა – 21:19.

დაჯილდოვების ცერემონიალზე მეორე ადგილზე გასული დიდუბის გუნდი შესაბამისი მედლებითა და სიგელებით კალათბურთის ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. დედაქალაქის ჩემპიონი ისნის გუნდის წევრები კი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზაზა ცინაძემ დააჯილდოვა. მანვე გადასცა სპეციალური პრიზი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ნიკა ლოლიშვილს.