3×3: “ზამთრის თასის” პირველ ტურში გამარჯვება “ქორებმა” მოიპოვეს

3×3: “ზამთრის თასის” პირველ ტურში გამარჯვება “ქორებმა” მოიპოვეს

საქართველოში 3×3 კალათბურთის სეზონი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა, დღეს კი 2018 წლის პირველი ღონისძიება გაიმართა. ოლიმპიურმა სასახლემ ზამთრის თასის პირველ ტურს უმასპინძლა. ტურნირში ასაკობრივი ცენზი 18 წელი გახლდათ დაწესებული და მასში 9 გუნდი მონაწილეობდა: ქორები, U18-Georgia, ვაკის პარკი, west side, TB Cardinals, east, კუთხის მარკეტი, future და triple treat.

გათამაშების ფორმატის თანახმად გუნდები 2 ჯგუფში განაწილდნენ და ითამაშეს ერთი წრე, რის შემდეგაც ადგილები გაინაწილეს და მეოთხედფინალში დაწვილდნენ. ტურნირი პლეი ოფის სისტემით გაგრძელდა და საინტერესო ორთაბრძოლების შემდეგ ფინალში “ქორები” და “კუთხის მარკეტი” გავიდნენ.

ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. “ქორების” ღირსებას ოთო პერტაია, საბა გეგუჩაძე, გივიკო გოგიტაშვილი და გიორგი კვაჭანტირაძე იცავდნენ, ხოლო “კუთხის მარკეტში” ანზორ ნადირაძე, დავით კაკუშაძე, ზურა ჟღენტი და ლუკა მაზიაშვილი გამოდიოდნენ. თანაბრად მიმდინარე შეხვედრის ბედი მის დასრულებამდე 2 წამით ადრე გადაწყდა: პერტაიას გარღვევა და ეგრედ წოდებული AND1. ოთომ ბონუს-საჯარიმო ააცილა, თუმცა დარჩენილ 2 წამში არაფერი შეცვლილა და “ზამთრის თასის” პირველი ტურის გამარჯვებული გუნდი “ქორები” გახდა, რომელმაც ფინალური მატცი 16:15 მოიგო.

ფინალისტები მედლებით დაჯილდოვდნენ. “ქორებს” საჩემპიონო თასი, ხოლო გუნდის ლიდერ ოთარ პერტაიას – MVP-ის ტიტული კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა. “ზამთრის თასის” მომდევნო ტურები თებერვალში გაიმართება.

~