3x3Geotour2025 ლაგოდეხში, პირველი შესარჩევი ტურით გაიხსნა

3x3Geotour2025 ლაგოდეხში, პირველი შესარჩევი ტურით გაიხსნა

საქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში, რომელიც Geotour-ის სახელით არის ცნობილი, 15 ივლისს, ლაგოდეხის შესარჩევი ტურით გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი 2014 წლიდან ტარდება საქართველოს მასშტაბით და სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული შესარჩევი ტურნირების შემდეგ დასკვნითი, ფინალური ტურნირის შედეგად ავლენს საქართველოს ჩემპიონს.

წლევანდელი საპრიზო ფონდი რეკორდულია და ის 8000 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის შესაბამის ვაუჩერებს მიიღებენ ფინალური ტურნირის ფინალში გასული გუნდები. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციისგან განსხვავებით შესარჩევი ტურები ქუთაისსა და რუსთავში აღარ გაიმართება. Geotour2025-ის შესარჩევი ტურნირები ლაგოდეხში, ბათუმში და თბილისში დაიგეგმა – ამ 3 ტურიდან ფინალური ტურნირისთვის, რომელსაც დედაქალაქი უმასპინძლებს, შეირჩევა 12 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ზემოთ ნახსენები ბონუსებისა და ქვეყნის უძლიერესი გუნდის სტატუსისთვის იბრძოლებენ.

ლაგოდეხში გამართულ შესარჩევ ტურს რაც შეეხება, მასში მონაწილეობა ხუთმა გუნდმა მიიღო. ფინალში ერთმანეთს Underdogs-ი და GSL  შეხვდნენ. გამარჯვება დარჩა Underdogs-ს, რომლის ღირსებასაც დავით გიგოლაშვილი, დავით პაპუნაშვილი, ვალერი სუმბაძე და ზაზა ზაქარიაძე იცავდნენ. დაძაბულ მატჩში ამ კვარტეტმა 13:10 დაამარცხა ტრიო საბა ნერგაძის, ჯონი სომასა და რომან მატვეევის შემადგენლობით.

Geotour2025-ის ფინალური ტურნირის პირველი მონაწილე Underdogs-ია, რომელიც ლაგოდეხის ტურის მოგებისთვის შესაბამისი პრიზითა და მედლებით, კალათბურთის ფედერაციის 3×3 დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, გიგა გურგენიძისგან დაჯილდოვდა. 

Geotour2025-ის მორიგი ტური თბილისში გაიმართება, საიდანაც ფინალურ ეტაპზე 10 საუკეთესო გუნდი გავა. ფინალური ტურნირის ბოლო მონაწილეს ბათუმის შესარჩევი ტური გაარკვევს.