საქართველოს 16 წლამდე ნაკრებისა და საკალათბურთო კლუბ “ვინგსის” მწვრთნელი, ნიკა ბურჯანაძე წარდგენილია Junior NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოგების კანდიდატად. ბურჯანაძე აღნიშნულ ნომინაციაზე Junior NBA-ს ხელმძღვანელობას საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ წარუდგინა, რაც მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაკმაყოფილდა.
ბურჯანაძე წარდგენილია Junior NBA-ს იმ რეგიონიდან, რომელშიც საქართველო შედის და ეს გახლავთ ევროპა-ახლო აღმოსავლეთი. ნიკასთან ერთად აღნიშნული და მსოფლიოს დანარჩენი რეგიონებიდან რამდენიმე ათეული მწვრთნელი ეცდება ტიტულის მოპოვებას. მთლიანობაში რამდენიმე კატეგორიის წლის საუკეთესო მწვრთნელი უნდა გამოვლინდეს, ხოლო ბურჯანაძე წარდგენილია ლიდერის კატეგორიაში.
საუკეთესოები გამოვლინდებიან როგორც გულშემატკივრების, ისე Junior NBA-ს მწვრთნელთა საბჭოს მიერ. გულშემატკივართა გამოკითხვა იწარმოებს Junior NBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მასში მონაწილეობა საიტის ნებისმიერ დარეგისტრირებულ ვიზიტორს შეეძლება, ხოლო Junior NBA-ს მწვრთნელები ვერდიქტს შიდა-გამოკითხვით გამოიტანენ.
ნიკა ბურჯანაძე Junior NBA-ს გათამაშებაში სისტემატურად მონაწილეობს. მის გაწვრთნილ გუნდ “ვინგსს” ეს ტურნირი ბოლო 3 გათამაშებიდან 2-ჯერ აქვს მოგებული. ის იმყოფებოდა Junior NBA-ს მიერ მოწყობილ სამწვრთნელო კლინიკებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მას კარგად იცნობენ Junior NBA-ის ევროპულ ორგანიზაციაში და შესაბამისად, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოგების შანსიც შეუფერხებლად უბოძეს.