დღეს 3×3 კალათბურთში ევროპის თასის (იგივე ჩემპიონატის) შესარჩევი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონაწილეობს. გათამაშების ფორმატის თანახმად, მომავალ 14-16 სექტემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაგეგმილ ევროპის თასისთვის სამი შესარჩევი ტურნირი გაიმართება – საფრანგეთში, ანდორასა და რუმინეთში, რომლებიდანაც 4-4 საუკეთესო, ჯამში – 12 გუნდი მოიპოვებს კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის საგზურს.
საქართველოს ნაკრებს ასპარეზობა უწევს რუმინეთის შესარჩევ ტურნირში, რომელსაც 30 ივნისსა და 1 ივლისს ქალაქი კონსტანცა უმასპინძლებს. რუმინულ ტურნირში თავი 12-მა ნაკრებმა მოიყარა:
A ჯგუფი – სერბეთი (1), საქართველო (8), ლიტვა (9)
B ჯგუფი – პოლონეთი (2), ესპანეთი (7), აზერბაიჯანი (10)
C ჯგუფი – რუმინეთი (3), ბოსნია (6), შვედეთი (11)
D ჯგუფი – ხორვატია (5), ირლანდია (12), გერმანია (4)
ნაკრებებს ფრჩხილებში მიწერილი აქვთ განთესვის ნომერი – ანუ ამ 12 მონაწილეს შორის 3×3 კალათბურთში სერბეთის ფედერაციაა ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე. შემდეგ მოდის პოლონეთი, რუმინეთი და ასე შემდეგ. საქართველო კი მე-8 ნომრადაა განთესილი. რეიტინგის დაანგარიშება ხდება 3×3 საკალათბურთო აქტივობებით – ძირითადად ტურნირების მოწყობითა და საერთაშორისო ასპარეზზე ნაჩვენები შედეგებით.
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდებიან. ევროპის თასის ფინალური ეტაპისთვის რუმინული საკვალიფიკაციოდან 4 საგზური თამაშდება. ანუ მეოთხედფინალების მომდები გუნდები მთავარ ამოცანას შეასრულებენ და 14-16 სექტემბერს, რუმინეთის დედაქალაქში დაგეგმილ ევროპის თასზე გავლენ.
თუკი საუკეთესო ოთხ გუნდში რუმინეთი მოხვდება (რომელსაც ფინალური ეტაპის საგზური მასპინძლის სტატუსის გამო დაბევებული აქვს), მაშინ მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები დამატებეითი – 1 საგზურისთვის გააგრძელებენ ბრძოლას – პლეი ოფის სისტემით.
საქართველოს ნაკრები დღეს, 30 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე ლიტვას შეხვდება და დღესვე, 23:45 საათზე ჩაატარებს ჯგუფის მეორე მატჩს სერბეთთან. ქართველებს 2-დან 1 გამარჯვება სჭირდებათ, მეოთხედფინალში რომ გავიდნენ.
ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსებას რუმინულ საკვალიფიკაციო ტურნირში დაიცავენ: ილია ლონდარიძე (დინამო), რეზო ჩაჩანიძე (რუსთავი), ირაკლი ალხანაიძე (მგზავრები) და ზუკა მაჩალაძე (დინამო). ყველა მათგანი სუპერლიგის გუნდებში თამაშობს, თუმცა საკმაოდ გამოცდილი 3×3 კალათბურთელია.
P.S. ბოლო ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, თამაშები გადატანილია და დახურულ დარბაზში, 2 საათის დაგვიანებით დაიწყება. შესაბამისად, საქართველო ნაცვლად 14:00 ითამაშებს 16:00 საათზე (თბილისის დროით).