დღეს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და პარაკალათბურთის ფედერაციას შორის მჭიდრო კავშირს ჩაეყარა საფუძველი. რიყის პარკში მიმდინარე ევროპის 3×3 საკალათბურთო თასის მეორე სათამაშო დღის დაწყებამდე ამ ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ფედერაცია ხელს შეუწყობს პარაკალათბურთის პოპულარიზაციას.
მემორანდუმის გაფორმებამდე ფიბა-ს ლიცენზირებულ მოედანზე გაიმართა პარასაკალათბურთო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები – “პარა 1” და “არწივი”. შეხვედრა არწივების გამარჯვებით – 5:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ გაიმართა მემორანდუმის გაფორმების საზეიმო ცერემონიალი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და პარაკალათბურთის ფედერაციის დამფუძნებელმა და მწვრთნელმა დავით ნატროშვილმა.