საქართველოს ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში, რომელიც Geotour-ის სახელითაა ცნობილი, დასასრულს უახლოვდება. უკვე გამოვლინდა ფინალური სერიის 12-ვე მონაწილე და დარჩენილია ბოლო ტურნირი, რომელიც ჩემპიონსა და პრიზიორ გუნდს გამოავლენს.
3x3Geotour2024 კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. ტურნირის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქებში ტარდება შესარჩევი ტურები, რომლებიც ფინალური ეტაპის საგზურს იგებენ და ბოლოს, დასკვნითი ტურნირი საუკეთესოს ავლენს. წლეულს სულ 4 შესარჩევი ტური გაიმართა – თბილისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში. დედაქალაქის შესარჩევი ტურიდან ფინალში 9 საუკეთესო გადავიდა, ხოლო ბათუმიდან, თელავიდან და რუსთავიდან – თითო-თითო.
12 აგვისტოს რუსთავის კლდიაშვილის პარკში გამართულ ტურნირში 4 გუნდი მონაწილეობდა – მუხბე, Space Jam, ზუკა და Warriors. ტურნირის გამარჯვებული გახდა გუნდი “ზუკა”, რომლის ღირსებასაც ლუკა კოკოჩაშვილი, ნიკა ეზიაშვილი, ილია კალანდია და ზურაბ შერაზადიშვილი იცავდნენ. ფინალურ მატჩში “ზუკამ” 21:17 დაამარცხა გუნდი Space Jam-ი საბა ოქრუაშვილის, ლევან გაბელიას და თემო ჭუაძის შემადგენლობით.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ზურა შერაზადიშვილი, რომელიც სპეციალური პრიზით ბაჩი ალიბეგაშვილმა დააჯილდოვა. გამარჯვებულებს ფინალური ეტაპის საგზური და რუსთავის ტურის ჩემპიონის თასი ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.
ასე და ამგვარად, ფინალური ტურნირის მონაწილე 12 გუნდი ცნობილია: WINGS, NIHAU, SCOOBY, THE BOYS, ACAB, BIODRONE, ALMEDA, SMN, BENZE, UNDERDOGS, ZUKA.
ფინალური ეტაპი 15 აგვისტოს, თბილისში, ლისის ტბაზე გაიმართება.