საქართველომ არგენტინაში ისტორია დაწერა: 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის პლეი ოფშია

საქართველომ არგენტინაში ისტორია დაწერა: 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის პლეი ოფშია

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის პლეი ოფში გავიდა, რაც ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შემთხვევაა. ოლიმპიურ თამაშებზე არც ერთ ქართულ ნაკრებს პლეი ოფში არ უასპარეზია. ამას ქართველებმა დღეს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწიეს.

ქართველებმა სლოვენიასთან გამოუცხადებლობის გამო წაგებული მატჩის შემდეგ ჯგუფის დარჩენილი სამივე შეხვედრა მოიგეს და ოლიმპიადის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდნენ. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მასპინძელი არგენტინა იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაუპირისპირდება.

არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიადა ქართველებმა დასანანი წაგებით დაიწყეს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სლოვენიასთან უნდა ეთამაშათ, მაგრამ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო თამაშზე დროულად ვერ მივიდნენ და ტურნირის ფავორიტ სლოვენიასთან წაგება ჩაეთვალათ. მიუხედავად ამ დასანანი შემთხვევისა, ქართველებმა მობილიზება შეძლეს, იმავე დღეს იორდანია 21:4 გაანადგურეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი 13 ოქტომბრისთვის შემოინახეს, როცა ჯგუფის დარჩენილი 2 შეხვედრა იყო დაგეგმილი.

დღეს, 13 ოქტომბერს, ქართველებმა ორივე მატჩი მოიგეს და ჯგუფში სლოვენიის შემდეგ მე-2, გამსვლელი ადგილი დაიკავეს. საქართველომ ჯერ თურქმენეთი გაანადგურა 20:9, შემდეგ კი უშუალო კონკურენტ ჩინეთს 15:10 სძლია და ოლიმპიადაზე პლეი ოფში გასვლით პროგრამა მინიმუმი შეასრულა.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე მასპინძელთა მძლავრი ნაკრებია. არგენტინელებმა D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, მოიტოვეს რა უკან რუსეთის, აშშ-ს, ესტონეთის და მონღოლეთის ნაკრებები. არგენტინამ ჯგუფის ერთადერთი მატჩი ბოლო ტურში, აშშ-სთან 19:21 წააგო. ამ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამერიკელები ჯგუფიდან ვერ გადიოდნენ, არგენტინელებს კი წაგების შემთხვევაშიც კი განაღდებული ჰქონდათ ჯგუფში პირველი ადგილი. 

მაშ ასე, საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საუკეთესო 8 გუნდში, ანუ მეოთხედფინალშია და უპრინციპულეს მატჩში, 16 ოქტომბერს, არგენტინას დაუპირისპირდება.