საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ლატვიაში, ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში საასპარეზოდ გაემგზავრა. ევროპის თასის საგზურის მოსაპოვებლად მთლიანობაში სამი საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება ლატვიის დედაქალაქ რიგაში, უკრაინულ კიევში და რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში. ამ საკვალიფიკაციო ტურნირების წარმატებული გუნდები მოიპოვებენ ევროპის თასის ფინალური ეტაპის საგზურს, რომელიც 2-5 სექტემბერს უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გაიმართება. ფინალური ეტაპის საგზური გარანტირებული აქვს მასპინძელ უნგრეთს, საკვალიფიკაციოებით კი დარჩენილი 11 მონაწილე უნდა შეირჩეს.
ლატვიაში საქართველოსთან ერთად 11 ნაკრებია შეკრებილი, რომლებიც ევროპის თასის 2 საგზურისთვის იბრძოლებენ. საქართველო, რომლის ღირსებას მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, რევაზ ჩაჩანიძე და ზურა მაჩალაძე იცავენ, ერთადერთ 3-გუნდიან ჯგუფში მოხვდა. დანარჩენი 2 ჯგუფი კი 4-გუნდიანია. საქართველოს არ გაუმართლა და ჯგუფში მასპინძელ ლატვიასთან მოხვდა, რომელიც გასული ევროპის თასის ვერცხლის პრიზიორია (ფინალი სერბეთთან წააგო). ქართველების მეორე მეტოქე მონტენეგროა.
A ჯგუფი – ლატვია, საქართველო, მონტენეგრო
B ჯგუფი – პოლონეთი, საბერძნეთი, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია,
C ჯგუფი – იტალია, სლოვაკეთი, ისრაელი, მალტა
ჯგუფების გამარჯვებულები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავლენ. 3 საუკეთესო გუნდი თითოჯერ შეხვდება ერთმანეთს და საუკეთესო 2 შედეგის მქონე მოიპოვებს უნგრეთში 2-5 სექტემბერს გასამართი ევროპის თასის საგზურს. საქართველოს ნაკრების კალენდარი შემდეგნაირია:
29 ივნისი, 18:10 საათი საქართველო – მონტენეგრო
29 ივნისი, 22:50 საათი ლატვია – საქართველო
(მითითებულია თბილისის დრო)
ჯგუფური ეტაპის თამაშების პირდაპირ ეთერში ნახვა შეგიძლიათ Youtube-ის წარმოდგენილ არხზე