საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის სერბეთში ემზადება. მოგეხსენებათ, 3X3 კალათბურთი ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და 6-18 ოქტომბერს არგენტინაში გასამართ ახალგაზრულ ოლიმპიადაზე კალათბურთის ეს ნაირსახეობა პირველად ცალკე დისციპლინად იქნება წარმოდგენილი. არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში იასპარეზებს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებიც, რომელიც უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის სერბეთის ქალაქ ნოვი სადში, მსოფლიოში ცნობილი და 3×3 კალათბურთის რეიტინგის სათავეში მყოფ დუშან ბულუტის საწვრთნელ კომპლექსში ემზადება. ჩვენი ნაკრების სერბეთში გამგზავრება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით განხორციელდა.
სერბეთში საქართველოს ნაკრების წევრები: ოთარ პერტაია, ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე და ზურაბ ჟღენტი იმყოფებიან. ნაკრებს ახლავს საქართველოს კალათბურთუის ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გიგა გურგენიძე, რომლის აქტიური თანამონაწილეობით განხორციელდა მსოფლიოში წამყვან სპეციალისტებთან შეკრებაზე სერბეთში გამგზავრება. საქართველოს ნაკრებს პროფესიონალურ ინსტრუქტაჟს უტარებს დუშან ბულუტის პირადი მწვრთნელი დუკა იგნატოვი.
საქართველოს ნაკრები მხოლოდ ვარჯიშებით როდი შემოიფარგლება. ქართველებმა გასულ უქმეებზე მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლობით ტურნირზე, რომელიც დუშან ბულუტის ორგანიზებით ტარდება და ეწოდება: ქუჩის ლიგა. ქართველები ამ ლიგის ფინალურ ტურნირზე Wild Card-ით დაუშვეს, ხოლო სხვა მონაწილეებმა გასულ პერიოდში ხანგრძლივი საკვალიფიკაციო ტურნირი ითამაშეს მასში მოსახვედრად.
საქართველოს ნაკრები ამ წარმომადგენლობითი ტურნირის ფინალში გავიდა და დაძაბულ ბრძოლაში – 17:21 დამარცხდა. ქართველებმა ჯგუფში ორივე მატჩი მოიგეს – Cvarkom i Baba 21:5, Djacko 21:20, ხოლო ნახევარფინალურ ბრძოლაში 18:17 იმარჯვეს.
ქართველები სერბეთში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან და დუშან ბულუტის მოედანზე, მისი პირადი მწვრთნელის კომპეტენტურ ვარჯიშებში მიიღებენ მონაწილეობას.
ლუკა მაზიაშვილი, ზურა ჟღენტი, დუკა იგნატოვი, ლაშა მიქელაძე, გიგა გურგენიძე, ოთარ პერტაია