3×3 საკალათბურთო ტურნირი – Tbilisi Challange 2019 – 16 ივნისს, ფილარმონიის მიმდებარედ გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებმა, სუპერლიგის წამყვანი გუნდების წევრებმა და ზოგადად, 3×3 კალათბურთის წამყვანმა ქართველმა მოთამაშეებმა. Tbilisi Challange 2019 საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და თბილისის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ტურნირზე სოლიდური საპრიზო ფონდი და მთავარი პრიზი იყო დაწესებული. მთლიანი საბონუსე ფონდი 4000 ლარს შეადგენდა, ხოლო გამარჯვებულ გუნდს 3000 ლართან ერთად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის წარმომადგენლობითი ტურნირის Belgrade Challanger 2019-ის საგზური ერგებოდა. აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 30 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს და მისი გამარჯვებული მსოფლიო სერიის ეგრედ წოდებულ მასტერსზე გაემგზავრება.
ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა. საინტერესო ჯგუფური ეტაპისა და ნახევარფინალების შემდეგ ფინალში „Old eagles Geo“ და Urban გავიდნენ. იოლი გამარჯვება (21:10) და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა Old eagles Geo-მ, რომლის ღირსებასაც მიხეილ ბერიშვილი, რეზო ჩაჩანიძე, გიორგი კორსანტია და ზუკა მაჩალაძე იცავდნენ.
გამარჯვებულებს საჩემპიონო თასთან ერთად 3000-ლარიანი ვაუჩერი და სერბული ტურნირის – Belgrade Challanger 2019-ის საგზური ერგოთ.