ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში „ქუთაისი“ და „არენა“ დაუპირისპირდებიან. ტურნირის ბოლო ტურში გამართულ მატჩებში ამ გუნდებმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს და ტიტულისთვის ერთმანეთს 18 იანვარს, ქუთაისისსპორტის სასახლეში, 14:00 საათზე შეხვდებიან.
სოხუმი – წყალტუბო 109:97
მატჩის პირველი პერიოდი წყალტუბოელთა გამარჯვებით – 27:20 დასრულა, თუმცა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა „სოხუმმა“ ჩამორჩენა მეორე მეოთხედშივე აღმოფხვრა და დაწინაურდა კიდეც – 55:48. ამის შემდეგ სოხუმელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ – 109:97. „სოხუმში“ გამორჩეული შედეგი დააფიქსირა ოთო ბულიავამ, რომელმაც 42 ქულა დააგროვა. 21 ქულა და 7 პასი კოკა ტომარაძის ანგარიშზეა. „წყალტუბოში“ 34 ქულით საუკეთესო იყო ტრავანტე უილიამსი, დიმიტრი სვირიდოვის ანგარიშზე კი 19 ქულა და 22 მოხსნა დაგროვდა.
მგზავრები – არენა 84:87
ამ მატჩში გადაწყდა ჯგუფიდან გამსვლელის ბედი. „მგზავრებს“ წინა 2 შეხვედრა მოგებული ჰქონდათ და გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადიოდნენ. „არენას“ კი აქტივში თითო მოგებ-წაგება ჰქონდა და ამ მატჩის მინიმუმ 3 ქულით მოგება უნდოდა, ჯგუფიდან რომ გასულიყო. ასეც მოხდა – არენელებმა ზუსტად 3 ქულით მოიგეს და ჯგუფში პირველობა გაინაღდეს. მომდევნო მატჩში „კაკტუსმა“ „რუსთავი“ დაამარცხა და სამმა გუნდმა – რუსთავმა, კაკტუსმა და არენამ თანაბარი ქულები დააგროვეს. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა „არენას“ მიენიჭა, რომელიც ფინალში გავიდა. გამარჯვებულებს 25 ქულით ფილიპ ალესისმა ულიდერა 20 ქულა და 9 პასი დააგროვა როდერნიუს ლუისმა, ხოლო ალექსანდრ რიხლიუკის ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. „მგზავრებში“ 27 ქულით კაშიმ რენსომი გამოირჩა.
კაკტუსი – რუსთავი 74:70
ამ გუნდებისთვის ფინალში გასასვლელი გზა მოჭრილი იყო. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ვერც „რუსთავი“ და ვერც „კაკტუსი“ ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გადიოდა. შეხვედრა კაკტუსელთა გამარჯვებით – 74:70 დასრულდა, რაშიც ლომის წილი – 16 ქულა და 15 მოხსნა – ტრენტონ ბრიჯმენს მიუძღვის. 14 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა ჯონ ფლოვიესმა. რუსთაველთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო რეზო ჩაჩანიძე.
სეუ – ქუთაისი 61:84
პირველი პერიოდი სეუ-ს გუნდმა 21:12 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 7 ქულით მაინც ლიდერობდა. მესამე მეოთხედი აღმოჩნდა საკვანძო, რომელიც მასპინძლებმა 27:9 მოიგეს და თამაშის ბოლომდე გლიდერობით მისვლა აღარ გასჭირვებიათ. საბოლოოდ მასპინძლებმა 23 ქულით იმარჯვეს და ფინალის საგზური გაინაღდეს.
გამარჯვებულთაგან 27 ქულით აკაკი ლომოური გამოირჩა, ხოლო 17 ქულა გოგა ცეკვავას ანგარიშზეა. სეუ-ში 17-17 ქულით საუკეთესონი რიჩარდ მათიაშვილი და ჯამალ უილსონი გახდნენ.
ასე და ამგვარად, ზურად საკანდელიძისა და მიხეილ ქორქის მემორიალური ტურნირის ფინალ 18 იანვარს, 14:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.