“ა” ლიგას დებიუტანტი გთსუ ლიდერობს

“ა” ლიგას დებიუტანტი გთსუ ლიდერობს

დღეს ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. დაგეგმილი 3 მატჩიდან კოვიდ-ვირუსული ინფექციის გამო 1 გადაიდო: “მგზავრებისა” და “ორბის” შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება, დღეს კი 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგან მეტად საინტერესო და დაძაბული პირველი გამოდგა.

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც “ა” ლიგის დებიუტანტია, 2-დან 2 გამარჯვებით ცხრილის ლიდერია. დავით ნოზაძის გაწვრთნილი გუნდი გასულ სეზონში სტუდენტურ ლიგაში გამოდიოდა და მისი მოგებით მოიპოვა “ა” ლიგის საგზური. გუნდის ხელმძღვანელობამ 4 ლეგიონერი დაიმატა, ქართველი კალათბურთელების კარგი სელექციაც განახორციელა და შედეგი სახეზეა. გთსუ-მ პირველ ტურში “მარგვეთს” მოუგო, ხოლო დღეს კიდევ ერთი კონკურენტი, “კავკასია” დაამარცხა. 

შეხვედრა თავართქილაძის უნივერსიტეტელთა ლიდერობით მიმდინარეობდა. კავკასიელები რამდენჯერმე წამოეწივნენ მეტოქეს, მაგრამ დავით ნოზაძის გუნდი ყოველ ჯერზე ახერხებდა დაწინაურებას. ბოლოსწინა წუთზეც მოახერხა “კავკასიამ” ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება, რაც ლევან გოგიჩაიშვილის სამქულიანს მოჰყვა, თუმცა სწორი დაცვისა და შედეგიანი შეტევის ხარჯზე გთსუ გამარჯვებამდე მივიდა – 80:70 (სტატისტიკა)

სტუდენტურ გუნდს 22 ქულით ერიკ ფრედერიკმა ულიდერა. 16 ქულა დააგროვა კოლინ ტერნერმა, ხოლო სეტ სვალვეს ანგარიშზე 11 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. “კავკასიაში” 17 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო რაილი ჰეიესი. 11-11 ქულა გიორგი რუხაძემ და მაიკ ბალოგანმა მიითვალეს.

მეორე მატჩი ბრძოლაში კი დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ “ა” ლიგის დებიუტანტმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. “ასტრალი” ლიგაში საკვალიფიკაციო ტურნირის მოგებით შემოვიდა, რომელმაც თელავის “ბურჯის” ადგილი დაიკავა. ასტრალელებმა პირველ ტურში “ორბთან” ბრძლაში წააგეს, თუმცა რეაბილიტაცია მოახდინეს და დღეს საკმაოდ დიდი ამბიციის მქონე “მარგვეთს” სძლიეს. 

საწყის პერიოდში თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა მერე და მერე “ასტრალის” უპირატესობა გამოიკვეთა, რაც ამ გუნდის სნაიპერების დამსახურება გახლდათ. ევან მილიგანმა და ევან ჰენსონმა მიზანი გაისწორეს და პერიმეტრის მიღმიდან მითვლილი სამქულიანებით “ასტრალი” გაალიდერეს. მესამე პერიოდში ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც გაირკვა.

საბოლოოდ “ასტრალმა” 88:71 (სტატისტიკა) იმარჯვა, რაშიც ლომის წილი ევან მილიგანმა დაიდო 28 ქულითა და 7 მოხსნით. 24 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო შედეგი ევან ჰინსონმა დააფიქსირა. “მარგვეთში” 20 ქულითა და 22 მოხსნით საუკეთესო იყო ჯარედ ჰენდერსონი. 22 ქულა დააგროვა ნიკო ბივენსმა. 

“ა” ლიგის მე-3 ტურის მატჩები 5 თებერვალს არის დაგეგმილი.