“ა” ლიგაში კავკასიამ ორბი დაამარცხა, მეგამ კი თელაველებს სძლია

“ა” ლიგაში კავკასიამ ორბი დაამარცხა, მეგამ კი თელაველებს სძლია

“ა” ლიგას გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს – ბექა წივწივაძის გაწვრთნილი “კავკასია”, რომელმაც 4-დან 4 მატჩი მოიგო და ცხრილში პირველ ადგილზეა. კავკასიელებმა დღეს მორიგი კონკურენტი, “ორბი” დაამარცხეს. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გაირკვა, რომელიც კავკასიამ მაღალ დონეზე ჩაატარა და გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობა დაიბევა.

მატჩი მწირექულიანი გამოდგა. კავკასიამ მეტოქე 66:53 (სტატისტიკა) დაამარცხა. მესამე პერიოდის წინ კავკასიელები 3 ქულით იგებდნენ და ათწუთეულის 19:8 გამარჯვებით კომფორტული უპირატესობა გაიფორმეს. ორბი საკმაოდ კარგი გუნდია, მაგრამ 14-ქულიანი დეფიციტის ბოლო პერიოდში გაბათილება ვერ შეძლო. კავკასიელები გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდნენ, რაც უპირველესად ამერიკელი ლეგიონერების დამსახურებაა. დევონ კოლიმ 17 ქულ მიითვალა. შენონ ფაულერმა 7 ქულა და 12 მოხსნა, ხოლო ელიოტ კოულის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა.

დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მეორე მატჩში “მეგამ” თელავის “ბურჯს” დამაჯერებლად – 113:87 (სტატისტიკა) სძლია. გუგა პატარაიას გაწვრთნილმა მეგამ შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და საკუთარი უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. პირველი პერიოდი მეგელებმა 27:19 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდეს. 

შეგახსენებთ, რომ “ა” ლიგაში 6 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 წრის შემდეგ 4 საუკეთესოს გამოავლენენ და სუპერლიგაში გადასასვლელი ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება. გამარჯვებული სუპერლიგაში გადავა, ხოლო ფინალის წამგები გუნდი სუპერლიგაში ბოლოსწინა ადგილზე გასულთან საკვალიფიკაციო სერიას ჩაატარებს, რომლის გამარჯვებულიც მომავალ სეზონში სუპერლიგაში იასპარეზებს. 

“ა” ლიგის მორიგი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება: “ბურჯი” თელავში “ზესტაფონს” უმასპინძლებს.