“ა” ლიგის ფინალური სერიის მე-3 მატჩში ბოიან სალატიჩის გაწვრთნილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა “ვერა” დაამარცხა და სუპერლიგაში გადასვლის შანსი შეინარჩუნა. სერიის საწყისი 2 შეხვედრა ვერელებმა მოიგეს და საბოლოო გამარჯვებამდე 1 ნაბიჯი აკლდათ, თუმცა კავკასიელებმა დღევანდელი შეხვედრა სრული მობილიზებით ჩაატარეს და დამსხურებულად – 76:55 იმარჯვეს.
როგორც სავარაუდო იყო, კავკასიელებმა ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე ითამაშეს. სალატიჩის გუნდს, რომელიც სერიას 0:2 აგებდა, დასაკარგავი არაფერი ჰქონდა და თავიდანვე გახსნილად, შედეგიანად ათამაშდა. კავკასიელებმა პირველი პერიოდი 24:13 მოიგეს და 2-წუთიანი შესვენების შემდეგ ლიდერობა 14 ქულამდეც გაზარდეს. “ვერას” მწვრთნელმა, მილოშ პეიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც მისი შეგირდები უფრო შედეგიანად ათამაშდნენ და დაცვაშიც გააქტიურდნენ. შორი სროლებითა და სწრაფი შეტევებით ვერელებმა ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს, თუმცა დიდმა შესვენებამ”კავკასიის” წისქვილზე დაასხა წყალი.
მესამე პერიოდიდან კვლავ კავკასიელებმა იძალეს და 10-ქულიანი ლიდერობა დაიბრუნეს. მატჩიც სალატიჩის გუნდის კარნახით გაგრძელდა, ვერელები კი ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდნენ. კავკასიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად “ვერას” შედეგიანი თამაშისა, არ გატყდნენ და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს, რითაც სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 1:2.
კავკასიელებს 12 ქულითა და 12 მოხსნით ვენდელ ლუისმა ულიდერა. 15 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ანდრე უოლკერს. 14 ქულა და 9 მოხსნა რიჩარდ მათიაშვილმა მოაგროვა, ხოლო ვეტერანმა დავით ბარბაქაძემ გამარჯვებულებს 13 ქულა და 9 მოხსნა მიაშველა. “ვერაში” 10-ქულია ბარიერს ვახტანგ ქადარია (14) და ბრაისონ სკოტი (11) ასცდნენ.
ფინალური სერიის მე-4 მატჩი 19 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება.