დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგაში გადასასვლელმა საკვალიფიკაციო რაუნდმა აიღო სტარტი. სერია 2 მოგებამდე გრძელდება და მასში სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული “სოხუმი” და “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული “ტიტები” ასპარეზობენ. კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 10-ამდე იზრდება და ამასთან ერთად გუნდის დამატების ფორმატიც შემუშავდა: “ა” ლიგის გამარჯვებული პირდაპირ გადადის სუპერლიგაში, ხოლო მე-10 ადგილისთვის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი და “ა” ლიგის ფინალში წაგებული შეხვდებიან.
შესაბამისად, ფაქტობრივარდ სუპერლიგის მიღმა დარჩნილ “სოხუმს” უძლიერესთა შორის დარჩნის შანსი გაუჩნდა და დღეს საქმეც კარგად დაიწყო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა სოხუმელებმა საკვალიფიკციო სერიის პირველ მატჩში საკმაოდ დამაჯერებლად – 82:53 დაამარცხა “ტიტები” და თუკი 5 მაისს, მეორე შეხვედრასაც მოიგებს, 2018-2019 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.
შეხვედრის დებიუტი საკმაოდ დაძაბული იყო. გუნდები ლიდერობას ცვლიდნენ, მაგრამ ვერც ერთი ახერხებდა წინ გაჭრას. პირველი პერიოდი სოხუმელებმა 19:16 მოიგეს და მეორე ათწუთეულიდან თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს. როგორც სწრაფი შეტევებით, ისე შორი სროლებით სოხუმელები ქულებს იოლად იხვეჭდნენ, მეორე პერიოდში მეტოქეს 27:14 აჯობეს და დიდი შესვენებისთვის 16 ქულით დაწინაურდნენ.
“ტიტებისთვის” მატჩის მოგება რეალური რომ გამხდარიყო, მესამე პერიოდში თამაშის ტემპი და ხარისხი უკეთესობისკენ უნდა შეეცვალა, თუმცა პირიქით მოხდა. სოხუმელებმა გააგრძელეს წარმატებით დამაში როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და პერიოდის 17:13 მოგების შემდეგ, ბოლო პერიოდის წინ 20 ქულით დაწინაურდნენ. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, სოხუმელებს მატჩის სადავეები არ დაუთმიათ და საბოლოოდ 29 ქულის სხვაობით – 82:53 გაიმარჯვეს.
სოხუმელებს ამერიკელმა კვან უოლერმა ულიდერა, რომელმაც 22 წუთში 21 ქულა მიითვალა. 13 ქულით და 12 მოხსნით გამოირჩა სერგო ათუაშვილი. 12 ქულა მოაგროვა ოთარ ბულიავამ, სერგეი პრიმაკის ანგარიშზე კი 7 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “ტიტებში” 18 ქულა-9 მოხსნით საუკეთესო იყო ჯონ ბრიტონი. 14 ქულა მოაგროვა ბესო ლეჟავამ, ანტუან სპეისის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩი 5 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 19:15 საათზე გაიმართება. “სოხუმმა” რომ მოიგოს, სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს, წაგების შემთხვევაში კი მე-3, გადამწყვეტი მატჩი 9 მაისს გაიმართება.
სოხუმი – ტიტები
სტატისტიკა: 82:53