“ა” ლიგის ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და სუპერლიგას მიუახლოვდა საკალათბურთო კლუბი “ვერა”. მილოშ პეიჩის გაწვრთნილმა ვერელებმა პირველი მატჩის სცენარით, ამჯერად 72:67 დაამარცხეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და ფინალური სერიის სათავოსოდ დასასრულებლად 1 გამარჯვება აკლიათ.
მეორეს მხრივ, კავკასიელებს დაძაბულობა მოეხსნათ და სერიაში 0:2 ჩამორჩენილები სავარაუდოდ ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებენ ხვალ, 17 აპრილს, სერიის მესამე მატჩში. რა იქნება ხვალ და თუ საჭირო გახდა, მომდევნო თამაშებშიც, ამას მომავალში შევიტყობთ, დღეს კი ვერელები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და სათამაშო უპირატესობასთან ერთად ლიდერობაც მხოლოდ მცირე დროით დათმეს.
ვერელებმა დაბალანსებული სათამაშო რგოლების წყალობით თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა, პირველი პერიოდი 17:13 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი 10 ქულით გალიდერდნენ. გივი ბაქრაძე და ბრენდონ სლაი გონივრულად უძღვებოდნენ ვერელთა შეტევებს, ფარზე ბერნარდ ნკალი და ვახტანგ ქადარია ბატონობდნენ, ხოლო წინა და უკანა რგოლების უბადლო შემაკავშირებელი გახლდნენ ამერიკელი ბრაისონ სკოტი და სერბი ივან საიჩიჩი. კავლასიელთა ცენტრმა ვენდელ ლუისმა წინა მატჩზე უკეთ კი ითამაშა, მაგრამ მეორე ლეგიონერ ანდრე უოლკერს ხელი აწუხებდა და მტევანზე დოლბანდგადახვეული თამაშობდა, რაც, ცხადია, ხელს უშლიდა.
მიუხედავად პრობლემებისა, კავკასიელებმა მესამე პერიოდში თამაში დალაგეს, რაშიც ლომის წილი კოტე ბიწაძემ, ბექა წივწივაძემ, დავით ბარბაქაძემ, ნიკა მეცხვარიშვილმა და ზემოთხსენებულმა ვენდელ ლუისმა შეიტანეს. რიჩარდ მათიაშვილმა მოახერხა და ვერელთა მეფარეების მიძალება შეაჩერა. კავკასიელთა გააზრებულმა თამაშმა შედეგი გამოიღო და ბოიან სალატიჩის გუნდი მესამე პერიოდში გალიდერდა. თუმცა მხოლოდ 1 ქულით და ლიდერობა მალევე დაკარგა.
ბოლო პერიოდის წინ “ვერას” უპირატესობიდან 3 ქულა დარჩა, რაც დაძაბულ ფინალს უქადდა მაყურებელს. ასეც მოხდა. “ვერა” 5-8 ქულით ლიდერობდა, თუმცა “კავკასია” მატჩის ბოლომდე შანსს ინარჩუნებდა. ბოლო წუთზე სხვაობა მხოლოდ 3 ქულას შეადგენდა, თუმცა ვერელებმა გამარჯვება იმითაც დაიმსახურეს, რომ წინა მატჩის მსგავსად გადამწყვეტ მომენტში არ დაიბნენ და გამარჯვების მომტანი ბოლო შეტევები შედეგიანად დააგვირგვინეს.
ვერელებს 20 ქულითა და 11 მოხსნით ბრაისონ სკოტმა ულიდერა. 16 ქულა მოაგროვა ივან საიჩიჩმა, ბრენდონ სლაის ანგარიშზე კი 14 დაგროვდა. კსუ-ში 17 ქულითა და 10 მოხსნით ლუისი გამოირჩა, კოტე ბიწაძემ 13 მიითვალა, ბექა წივწივაძემ – 12.
ფინალური სერიის მე-3 შეხვედრა 17 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.
კსუ – ვერა
სტატისტიკა: 67:72