“ა” ლიგის გათამაშებაში მიმდინარე სეზონის რეკორდული სხვაობა დაფიქსირდა. სერგო ათუაშვილის გაწვრთნილმა “ზესტაფონმა” 39 ქულის სხვაობით – 97:58 (სტატისტიკა) დაამარცხა “სპორტუნი” და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ათუაშვილმა ზესტაფონელებს პირველად უთავკაცა. გუნდს არ ახლდა ლიტველი მთავარი მწვთნელი ბარკუს პაულიუსი, რომლის ხელმძღვანელობითაც ზესტაფონმა საწყის ტურებში ორბთან და მეგასთან წააგო.
რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ბრძოლა არ შედგა. სპორტუნის უჭირს. გუნდმა პირველ ტურში ორბს სძლია, მაგრამ მის შემდეგ ვეღარ ახერხებს შედეგიან თამაშს. ზესტაფონელებმა პირველივე ნახევარში მოათავეს საქმე, როცა 21 ქულით დაწინაურდნენ. თუმცა ლიდერებმა ტემპი არ დააგდეს და მომდევნო – მესამე და მეოთხე პერიოდებშიც იმარჯვეს და ჯამში სარეკორდო სხვაობით მოიგეს.
ზესტაფონელებს 23 ქულითა და 10 მოხსნით ოთარ ბულიავამ ულიდერა. 18 ქულა ვიტაუტას კამარუნასმა მიითვალა. დონიელ სეგერსის ანგარიშზე კი 15 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. სპორტუნიში 14 ქულით ბომბარდირი საბა გეგუჩაძე გახდა. 11 ქულა და 12 მოხსნა კრის ვრის ანგარიშზეა.
მე-3 ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ თელავში გაიმართება. ადგილობრივი “ბურჯი” ორბს უმასპინძლებს.