C კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის სემინარებს ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ უმასპინძლა

C კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის სემინარებს ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ უმასპინძლა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით აქტიურად მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა, რომლის მორიგი სემინარები დღეს, ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ჩატარდა. სემინარებში ძირითადად დამწყები მწვრთნელები მონაწილეობდნენ, რომლებსაც C კატეგორიის ლიცენზია ბავშვებთან მუშაობისთვის, დაბალი ასაკის გუნდების სხვადასხვა ტურნირებში გამოსაყვანად სჭირდებათ.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა 2015 წელს დაიწყო და მის ფარგლებში დღემდე 400-მდე მწვრთნელს მიენიჭა C კატეგორიის ლიცენზიები. შეგახსენებთ, რომ პროგრამა 3 ეტაპისგან შედგება და პირველი მოსამზადებელი კურსი 14 წლამდე კალათბურთელებთან მუშაობის, C კატეგორიის ლიცენზიის სემინარებს მოიცავს. მეორე ეტაპის შედეგად გაიცემა B კატეგორიის ლიცენზიები, რომელიც 14-18 წლის მოზარდებში მუშაობისთვისაა საჭირო, ხოლო მესამე ეტაპი, უმაღლესი დონის, A კატეგორიის ლიცენზირებაზე ორიენტირდება. 

ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში გამართულ დღევანდელ სემინარებში, როგორც თბილისიდან ასევე სხვადასხვა რეგიონიდან, 40-მდე დამწყები და უკვე მოქმედი მწვრთნელი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში მათ დაცვასა და სწრაფ შეტევაში საჩვენებელი ვარჯიშები საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, გელა წულაძემ, 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, ფიბა-ს სამწვრთნელო პროგრამის მონაწილე ლუკა ნოზაძემ და ფიბა-ს აღნიშნული პროგრამის ლიცენზიანტმა მწვრთნელმა, ამჟამად კაუნასის “ჟალგირისში” მომუშავე ანდრო ანთელიძემ ჩაუტარეს. დამწყებ მწვრთნელებს სემინარების დეტალებზე გაესაუბრნენ პროგრამის ორგანიზატორები – საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი დავით უსტიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, ნოდარ ავალიშვილი.

იმ მწვრთნელებისთვის, რომლებიც სემინარებს დაესწრნენ, C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.