დიმიტრი ჯაკობოვი და დავით როგავა საქართველოდან პირველი მწვრთნელები არიან, რომლებმაც ფიბა-ს უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარეს და სერთიფიკატები მიიღეს. ახალგაზრდა მწვრთნელებს ეს შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბა-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული.
FECC-ის დასკვნითი სემინარ-გამოცდები ისრაელში, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას ჩატარდა. თელ ავივში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 30-მა მწვრთნელმა მოიყარა თავი, რომლებიც FECC-ის პროგრამაში 2017 წლიდან ჩაებნენ და სემინარები ჯერ მონტენეგროში, 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაიარეს, ხოლო შემდეგ იგივე მიზეზით ლატვიაში 2018 წელს გამართულ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ.
თელ ავივში პროგრამის დასკვნითი, შემაჯამებელი ეტაპი გაიმართა, რომელზეც გამომცდელებად ისეთი სპეციალისტები იყვნენ მიწვეულნი, როგორებიც არიან სვეტისლავ პეშიჩი, პაბლო ლასო, არიკ შივეკი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი, 2008-2015 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი.
პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მწვრთნელებმა 3 სახის გამოცდა ჩააბარეს: წერითი, გასაუბრებითი და პრაქტიკული. პირველი გამოცდისას მონაწილეებმა ზოგადი, სამწვრთნელო თემატიკის კითხვარებს გასცეს პასუხები, ხოლო გასაუბრებითი გამოცდა ზემოთნახსენებ ცნობილ სპეციალისტებთან პირისპირ საუბრით გაიარეს. დაბოლოს, რისი ჩაბარების შემდეგაც სერთიფიკატები დაიმსახურეს, გახლდათ პრაქტიკული ნაწილი, რომლის დროსაც ახალგაზრდა მწვრთნელები უშუალოდ მოედანზე, საქმეში გამოიცადნენ. პროგრამის მონაწილეებს FECC-ის სერთიფიკატები ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება FECC-ის პროგრამის ახალი, 3 სეზონზე გათვლილი ციკლი, რომელიც ქართველების გარეშე არც ამჯერად ჩაივლის. ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას იტალიის ქალაქ უდინეში გაემგზავრებიან და FECC-ის სემინარებს დაესწრებიან ანატოლი ბოისა და ირაკლი ძიძიგური, რომლებსაც 2020 წელს ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის პარალელურად მოუწევთ FECC-ს პროგრამის მორიგი სემინარების გავლა და სერთიფიკატებს 2021 წელს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აიღებენ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას დაგეგმილი აქვს, FECC-ის პროგრამაში ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნის 2 ახალგაზრდა, პერსპექტიული მწვრთნელი ჩართოს.