საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით, ქართველი მწვრთნელებისთვის პერიოდულად ონლაინ-სემინარები იმართება. მორიგი კონფერენციის სტუმარი გახლდათ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, რომელმაც ქართველ მწვრთნელებს საკმაოდ საინტერესო და პროდუქტიული სემინარი ჩაუტარა.
ილიას ზუროსი კონფერენციაში საბერძნეთიდან ჩაერთო და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ძირითადად დაცვით სისტემებზე, ამ კომპონენტში საკუთარ მსოფმხედველობაზე ისაუბრა. კონფერენციაში სრული შემადგენლობით ჩაერთვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრები – ჯორჯ ლიმნიატისი, მილოშ გლიგორიევიჩი, ჯორჯ ვავეცისი, ანატოლი ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, ირაკლი შიოშვილი.
კონფერენციაში მთლიანობაში 60-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო, მსმენელთა ძირითად ბირთვს კი სუპერლიგისა და საკალათბურთო სკოლების ახალგაზრდა მწვრთნელები შეადგენდნენ, რომლებმაც საკმაოდ აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკალათბურთო თემებზე მსჯელობაში და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს არაერთი საინტერესო კითხვა დაუსვეს.
ილიას ზუროსი კმაყოფილი დარჩა ონლაინ-კონფერენციით და ახალგაზრდა მწვრთნელთა პროფესიული აქტიურობით. ბერძენმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების კარი ნებისმიერი მწვრთნელისთვის ღიაა, რომლებსაც შეუძლიათ ვარჯიშებს დაესწრნონ და მისი დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან მათთვის საინტერესო დეტალებზე პირადად გაისაუბრონ.
ცხადია, საკალათბურთო თემები ბევრისმომცვლელია, რომლებზე საუბარიც შემდეგ ონლაინ-შეხვედებისას წარიმართება. შემდეგი სემინარი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიმართება.
წარმოგიდგენთ ილიას ზუროსის აღნიშნული ონლაინ-სემინარის ჩანაწერს, რომელიც განსაკუთრებით იმ მწვრთნელებისთვის იქნება საინტერესო, რომლებსაც კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.