პორტუგალიაში, ფიბა-ს მწვრთნელთა სემინარებზე 4 ქართველი მიემგზავრება

პორტუგალიაში, ფიბა-ს მწვრთნელთა სემინარებზე 4 ქართველი მიემგზავრება

4 ახალგაზრდა მწვრთნელი – ბექა ბექაია, სანდრო ნოზაძე, ირაკლი ჯანხოთელი და ნიკა ხუციშვილი ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ მწვრთნელთა სემინარებზე დასასწრებად პორტუგალიაში მიემგზავრება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე წლებია, ზრუნავს და ამ მიმართულებით ფიბა-სთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა მწვრთნელებს ეხებათ, რომლებიც ძირითადად ასაკობრივ გუნდებში საქმიანობენ. აქამდეც არაერთი ქართველი მწვრთნელი ყოფილა უცხოურ სემინარებზე, თუმცა ამჯერად მწვრთნელთა ყველაზე მასშტაბური მივლინება განხორციელდება.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის გარეუბან ეშტორილში ფიბა 14 წლამდე მოზარდებთან მომუშავე მწვრთნელების სოლიდურ შეკრებას აწყობს, რომლის ფარგებშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ მწვრთნელებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სემინარები ჩაუტარდებათ. ღონისძიებას ევროპის წამყვანი საკალათბურთო სპეციალისტები გაუძღვებიან. სემინარები 3 დღის განმავლობაში 27-29 ოქტომბერს ჩატარდება, რის შემდეგაც მისი მონაწილეები შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ.