მოთამაშეთა განვითარების ლიგაში 200 კალათბურთელი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ლიგის მონაწილე გუნდების მწვრთნელები შემადგენლობას შეარჩევენ. მოთამაშეების არჩევა 13 აგვისტოს, 15:00 საათზე, ZOOM-ის საშუალებით მოხდება, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (www.facebook.com/GeoBasketball) და საიტზე (www.gbf.ge) ონლაინ გაიმართება.
სუპერლიგის სახელით მოასპარეზე თითოეული გუნდი 15 კალათბურთელს აირჩევს, რისი რიგითობის ნომერიც მათ 11 აგვისტოს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ZOOM-ით გამართულ ონლაინ-კენჭისყრისას მიიღეს.
კენჭისყრის შედეგად გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდა. გუნდები A და B ჯგუფში დოლურადან მათი სახელების ამოღების შედეგად გადანაწილდნენ და 13 აგვისტოს, მოთამაშეთა არჩევის უფლებაც ამის შესაბამისად მიიღეს. კენჭისყრის შემდეგ შედგა მოთამაშეთა განვითარების ლიგის კალენდარი, რომელიც გუნდების მწვრთნელებს დარეგისტრირებულ მოთამაშეთა სიასთან ერთად გადაეგზავნათ.
დარეგისტრირებულ 200 კალათბურთელს შორის არიან კონტრაქტიანი მოთამაშეებიც, რომლებიც ლიგაში საკუთარი გუნდის სახელით გამოვლენ და 13 აგვისტოს გასამართ ეგრედწოდებულ დრაფტში მონაწილეობას არ მიიღებენ. საკუთარი გუნდის კონტრაქტიან მოთამაშეთა სიას მწვრთნელები ლიგის ხელმძღვანელებს წინასწარ გადასცემენ და საკუთარი გუნდის შემადგენლობას 13 აგვისტოს დრაფტზე 15-მდე შეავსებენ. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტით დაკავშირებულ სუპერლიგის გუნდში გამოსვლის პრინციპი მოთამაშეთა განვითარების ლიგაში წლეულს იმოქმედებს, შემდეგი სეზონიდან კი ლიგაში დარეგისტრირებული თითოეული მოთამაშე გუნდში მხოლოდ არჩევის წესით გადანაწილდება.
მოთამაშეთა განვითარების ლიგაში 11 გუნდი და სულ 165 კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას. თითო ჯგუფში გუნდები 1 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. ნახევარფინალიც და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება. მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები 17 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (მაყურებელების გარეშე) დაიწყება.