სხვადასხვა საკალათბურთო მიმართულებებთან ერთად გრძელდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ფიბა-ს თანამშრომლობა რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. სპეციალური პროგრამა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეიმუშავა და რომლის მიზანიც ქვეყნის ყველა საკალათბურთო კერის ინვენტარით მომარაგება და ყველანაირი მხარდაჭერაა, ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდიდან ფინანსდება. საერთაშორისო საკალათბურთო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი თანხებით ფედერაცია საზღვარგარეთ იძენს კონკრეტულად იმ ინვენტარს, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეგიონებს სჭირდებათ.
თელავი სპორტის სასახლე
აღნიშნული პროგრამა მე-3 წელია, ხორციელდება და მის ფარგლებში პროგრამის მონაწილეებმა – ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შალვა ონიანმა და მათმა კოლეგებმა საქართველოს ყველა რეგიონში არაერთხელ ჩაიტანეს სხვადასხვა სახის ინვენტარი. ფორმებით, ბურთებით და მრავალი საკალათბურთო ინვენტარით რეგიონების მომარაგების შემდეგ პროექტის ავტორები უფრო მსხვილ ინვენტარზე გადავიდნენ და საქართველოს ქალაქებში არსებულ დარბაზებს საჭიროებისამებრ თანამედროვე ტაბლოებით ამარაგებენ.
რეგიონების განვითარების დეპარტამენტის მიერ მაისის ბოლოს განხორციელებული ვიზიტებისას ევროსტანდარტების ტაბლოები მიიღეს ქუთაისის (სკოლა Level Up), ხარაგაულის, წყალტუბოს და ზუგდიდის დარბაზებმა, 4 ივნისს კი ეს მნიშვნელოვანი საკალათბურთო ინვენტარი თელავის სპორტის სასახლემ და ლაგოდეხის სპორტულმა დარბაზებმა მიიღეს.
თელავში ჩასულ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონული დეპარტამენტის წარმომადგენლებს ქალაქის ვიცე-მერი, ფიქრია ყუშიტაშვილი დახვდა, რომელმაც კალათბურთისადმი დიდი ინტერესი და სპორტის ამ სახეობის განსავითარებლად მუშაობის მზაობა გამოთქვა. ლაგოდეხში ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარე, კარლო ჯამბურია – ყოფილი კალათბურთელი და სპორტის ამ სახეობის დიდი ქომაგი. გადაწყდა, რომ ლაგოდეხის დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასევე არსებობს გეგმა, რომ ამ ქალაქში თანამედროვე სპორტული დარბაზი აშენდეს.
რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამით ფედერაციის წარმომადგენლები ივნისში რაჭის საკალათბურთო ცენტრებს – ამბროლაურსა და ონსაც ეწვევიან, სადაც სხვა ქალაქების მსგავსად, საჩუქრად თანამედროვე ტაბლოებს ჩაიტანენ.
ლაგოდეხის სპორტული დარბაზი