სტუდენტური ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში მე-3, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა. 10 ივლისს წაგებულმა “გეომედმა” დღეს მოახერხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამარცხება და სტუდენტურის “ა” ლიგაში გადასვლის რეალური შანსი გაუჩნდა. შეგახსენებთ, რომ სტუდენტურ ლიგას ქვედა დივიზიონიც აქვს, რომლის გამარჯვებულმა – გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტმა “ა” ლიგაში ბოლოზე გასული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდის ადგილი დაიკავა, ხოლო ქვედა ლიგის მეორეადგილოსანი გეომედი გადასასვლელ სერიას ბოლოსწინა ადგილზე გასულ თსუ-თან თამაშობს.
სერია 2 მოგებამდეა და გამარჯვებული 2019-2020 წლების სეზონში სტუდენტურის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. სერიის პირველი შეხვედრა თსუ-მ საკმაოდ იოლად – 92:78 მოიგო, თუმცა მეორე შმატჩში გეომედი მაგრად დადგა და ბრძოლის, თავდადების, გამარჯვებისკენ სწრაფვის ხარჯზე საწადელს მიაღწია. გეომედელებმა საბოლოოდ 93:80 მოიგეს და გამარჯვებაში მთელმა გუნდმა დაიდო წილი, თუმცა გამოსარჩევია ბაქარ გაბისიანისა და ირაკლი ჯებაშვილის გარჯა. გაბისიანმა 39 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, ჯებაშვილის ანგარიშზე კი 29 ქულა, 20 მოხსნა და 6 ჩაჭრა დაგროვდა. თსუ-ში 30 ქულით საუკეთესო იყო გიორგი ანდღულაძე, 23 ქულა კი პაპუნა ახალაძის ანგარიშზე დაგროვდა.
სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი 13 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს თსუ-ს მწვრთნელი გიორგი ჩხეიძე, რომელმაც მატჩის ბოლო წუთზე დისკვალიფიკაცია მიიღო. გეომედს კი მოთამაშე მწვრთნელი ბაქარ გაბისიანი და მისი ასისტენტი მერაბ მერაბიშვილი გუძღვებიან.
გეომედი – თსუ
სტატისტიკა: 93:80