გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი სტუდენტური ლიგის ჩემპიონია!

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი სტუდენტური ლიგის ჩემპიონია!

საკალათბურთო სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტია. დავით და სანდრო ნოზაძეების გაწვრთნილმა გთსუ-მ ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო სპორტის უნივერსიტეტის გუნდს და სტუდენტური ლიგის ტიტულთან ერთად “ა” ლიგის ლიცენზიაც მიიღო.

“ა” ლიგა პროფესიული ჩემპიონატია, რომლის მონაწილე თითოეული გუნდი კალათბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამიდან სეზონში 70 000 ლარს იღებს. შესაბამისად, გთსუ-ს სამოყვარულო საკალათბურთო გუნდმა პროფესიული ლიგის ლიცენზია მოიგო და მომავალი სეზონიდან საბაზისო დაფინანსება ექნება. დამატებითი სახსრების მოზიდვისა და სწორი მენეჯმენტის დახმარებით გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს შანსი ეძლევა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და “ა” ლიგის მოგების შემთხვევაში სუპერლიგის საგზური მიიღოს.

სამოყვარულოდან პროფესიულ კალათბურთში ტრანსფორმაცია იმ ერთობლივი პროექტის შედეგია, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციები მესამე წელია, ახორციელებენ. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა ახალი დებულება, რომლის ძალითაც სტუდენტური ლიგის ჩემპიონობასთან ერთად გამარჯვებული “ა” ლიგის საგზურსაც იღებს. წლეულს ამ ძვირფას საჩუქარს გთსუ მიიღებს, რაც განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. 

თავართქილაძის უნივერსიტეტელებმა გამარჯვება გაუსაჩივრებლად დაიმსახურეს. გთსუ-მ სერიის ორივე მატჩი დამაჯერებლად მოუგო სპორტუნის. მართალია, ნუგზარ კანდელაკის გაწვრთნილმა სპორტუნიმ ყველაფერი გაიღო და ორივე მატჩში წარმატების შანსიც ჰქონდა, თუმცა გთსუ-ს დამსახურებაც ისაა, რომ მეტოქეს ამ შანსის გამოყენების საშუალება არ მისცა.

სერიის მეორე შეხვედრა გთსუ-ს უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. რამდენჯერმე იყო ეპიზოდი, როცა სპორტუნი მეტოქეს წამოეწია და გადაასწრო კიდეც, მაგრამ თავართქილაძელთა უპირატესობაც ის გახლდათ, რომ მოთამაშეებმა სტაბილურობა და გუნდურობა გამოავლინეს. საბოლოოდ 75:60 (სტატისტიკა) და გთსუ-მ სეზონი გამარჯვებით დახურა.

ჩემპიონ გთსუ-ს ირაკლი ჯებაშვილმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. 14 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა საბა დაბრუნდაშვილს, გიორგი დვალმა კი შეხვედრა 13 ქულით, 9 პასითა და 6 მოხსნით დაასრულა. სპორტუნიში 17 ქულით ბომბარდირი გახდა ოთარ გაბეხაძე. 9 ქულა და 11 მოხსნა სანდრო შანიძის ანგარიშზეა. 

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მეორეადგილოსანი ვერცხლის, ხოლო ჩემპიონი ოქროს მედლებით დაჯილდოვდა. გუნდებს პრიზები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო გიგინეიშვილმა გადასცეს. 

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გთსუ-ელი ირაკლი ჯებაშვილი დასახელდა, რომელსაც სპეციალური ჯილდო გადაეცა. გამარჯვებული გუნდის კაპიტანს, გიორგი ფურცელაძეს საჩემპიონო დაფა, რომელიც “ა” ლიგის სიმბოლურ საგზურს წარმოადგენს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.