სტუდენტური ლიგის ბრინჯაოს მედალოსანი ილიას უნივერსიტეტი გახდა. დავით ეძგვერაძის გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისთვის მატჩში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამარცხა. ილიაუნიმ მატჩი 78:69 მოიგო და სეზონი საპრიზო ადგილზე დაასრულა.
მატჩი საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა. თსსუ-ს აკლდა დისკვალიფიცირებული ლიდერი, ტატო ოთიაშვილი, რომელსაც მსაჯთან შელაპარაკების გამო წინა შეხვედრაში მოედანი დაატოვებინეს. ამის მიუხედავად, თსსუ-მ შეხვედრა კარგად დაიწყო და შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა, თუმცა ვასილ მჭედლიშვილის, ვასილ კუტალაძისა და დაჩი დვალაძის შედეგიანობამ თავისი გაიტანა. ილიაუნიმ ბოლო პერიოდში მეტოქეს აჯობა და გამარჯვებასაც მიაღწია.
ბრინჯაოსმედალოსნებს 20 ქულით და 13 მოხსნით მჭედლიშვილმა ულიდერა. ვასილ კუტალაძემ 19 ქულა და 11 მოხსნა, დაჩი დვალაძემ კი 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. თსსუ-ში 17 ქულით ირაკლი ქოჩიაშვილი გამოირჩა, 14 ქულა და 13 მოხსნა აკაკი რობაქიძის ანგარიშზე დაგროვდა.
მატჩის შემდეგ ილიაუნის მოთამაშეები ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წარმომადგენელმა, გივი კაჭარავამ დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ წელს სტუდენტური კალათბურთის ლიგა პირველად ტარდება საუნივერსიტეტო სპორტისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით.
ილიაუნი – თსსუ
სტატისტიკა: 78:69