დღე, ოლიმპიურ სასახლეში სტუდენტური ლიგის მორიგი 2 მატჩი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი შაბათს, 2 მატჩით დაიწყო, რომელშიც სტუმ-მ თსსუ-ს მოუგო, ხოლო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაძაბულ ბრძოლაში თსუ დაამარცხა. დღეს ტურნირში კიდევ 3 გუნდი ჩაება, რომელთაგან პირველად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ითამაშა. მისი მეტოქე სტუ გახლდათ, რომელმაც ტურნირზე მეორე გამარჯვეა მოიპოვა.
სპორტის უნივერსიტეტს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს და ბოლო პერიოდამდე დამაჯერებლადაც უგებდა სტუ-ს, მაგრამ გადამწყვეტ ეპიზოდში ტექნიკოსებმა მაინც იძალეს და საბოლოოდ 67:54 იმარჯვეს. დასკვნითი პერიოდი სტუ-ელებმა 22:6 მოიგეს, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ტექნიკოსთაგან 19 ქულით ბომბარდირი მიხეილ რევია გახდა. 15 ქულა და 10 მოხსნა დავით ბუჩიძემ დააგროვა, ხოლო 10 ქულა და 9 მოხსნა ირაკლი წიქარიშვილის ანგარიშზეა. სპორტის უნივერსიტეტელთაგან 25 ქულით საუკეთესო ნიკოლოზ ფორჩხიძე გახლდათ.
მეორე მატჩში ერთმანეთს ილიას სახელმწიფო საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტთა გუნდები შეხვდნენ. გუნდებს ძმები – დავით და ლაშა ეძგვერაძეები მწვრთნელობენ, თუმცა უკან არც ერთს სურდა დახევა და მიუხედავად იმისა, რომ ილიაუნიმ თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, თამაში შუაწელში დაიძაბა. სეუ-მ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და ილიას უნივერსიტეტის მწვრთნელს მოედანზე სასტარტოების დაბრუნება მოუხდა. პირველი პერიოდი ილიაუნიმ 29:9 მოიგო, ხოლო მეორე სეუ-მ – 28:9. გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე პერიოდი, რომელიც ილიაუნიმ 27:15 მოიგო და დასკვნით ათწუთეულში სანერვიულო აღარ დაიტოვა.
საბოლოოს ილიას უნივერსიტეტის გუნდმა 25 ქულით – 95:70 იმარჯვა, რაშიც სოლიდური წილი 16 ქულის, 16 მოხსნისა და 6 პასის მიმთვლელმა ვასილ კუტალაძემ დაიდო. 23 ქულა და 9 მოხსნა ვასილ მჭედლიშვილმა მიითვალა, ხოლო დაჩი დვალაძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. სეუ-ში 13 ქულით ბომბარდირი ბექა ხაჩიური გახდა, 12 ქულა კი გიორგი ნადირაშვილმა დააგროვა.
სტუდენტური ლიგის შემდეგი მატჩები 20 ივნისს გაიმართება.
სპორტ უნი – სტუ
სტატისტიკა: 54:67
სეუ – ილიაუნი
სტატისტიკა: 70:95