სტუდენტურ ლიგაში პლეი ოფის დრო დადგა. ლიგის ჩემპიონობასთან ერთად ეს გახლავთ ბრძოლა “ა” ლიგაში გადასასვლელად, საიდანაც უკვე, წარმატების შემთხვევაში, სუპერლიგაში გზა ხსნილია.
პლეი ოფში ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გავიდა. დებულების თანახმად, რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებული 2 წრის შემდეგ გუნდები ჯგუფებში დაკავებული ადგილების მიხედვით პლეი პფში ჯვარედინად დაწყვილდნენ.
A ჯგუფში ბოლო ტურამდე დაუმარცხებელი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი, რომელსაც გთუნისთან დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისით არაფერს უწყვეტდა. ტექნიკოსებმა წაგების გემო პირველად სწორედ გთუნისთან იწვნიეს, თუმცა რეგულარული ჩემპიონატი მაინც ჯგუფის პირველ საფეხურზე დაასრულეს და მეოთხედფინალში B ჯგუფის ბოლო ადგილზე გასულ სეუ-ს (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) შეხვდებიან.
გთუნი კი მეორეზე გავიდა და პელი ოფის პირველ წრეში B ჯგუფის მესამეადგილოსან სპორტუნის შეხვდება. B ჯგუფის გამარჯვებული გახდა თსსუ (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი), რომელმაც სტუ-ს მსგავსად ჯგუფში ჩატარებული 6 მატჩიდან 5 მოიგო. მედიკოსები მეოთხედფინალურ სერიაში A ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულ აწსუ-ს (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) შეხვდებიან.
და ბოლო წყვილი აგრარულმა და თსუ-მ შეადგინეს. პლეი ოფი სტარტს 19 ივნისს აიღებს. მეოთხედფინალური და ნახევარფინალური სერიები 2-მატჩიანი იქნება. წყვილებში გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება. ფინალური სერია იქნება 2 მოგებამდე, ხოლო მე-3 ადგილის მფლობელი ერთი მატჩით გამოვლინდება.