სტუდენტურ ლიგაში 27 ივნისს 3 მატჩი იყო დაგეგმილი, რომელთაგან 2 გაიმართა. ქუთაისში სათამაშოდ ვერ ჩავიდა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი, რომელსაც 0:20 წაგება ჩაეთვალა.
თბილისში დაგეგმილი 2 მატჩი კი ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა და ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. ტურნირის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა “ილიაუნიმ” დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც დაამარცხა სასწავლო ეროვნული უნვერსიტეტი (სეუ). შეხვედრა 2 განსხვავებული ტაიმით ჩატარდა. პირველი ნახევარი ილიას უნივერსიტეტმა 50:28 მოიგო, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდებში სეუ-ელებმა იყოჩაღეს და ბოლო წუთბზე მოგების შანსიც გაუჩნდათ, თუმცა ფავორიტებმა მოგების მოპოვება მაინც შეძლეს – 90:87.
გამარჯვებულებს 21 ქულით გიორგი თორდიამ ულიდერა, თუმცა არანაკლებ სარგებლიანი იყო დიმიტრი შალამბერიძე, რომლის 3 სამქულიანი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ილიაუნისთვის. შალამბერიძემ 27 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 13 ქყლა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა.
მეორე მატჩში სპორტის უნივერსიტეტმა 65:58 დაამარცხა სამედიცინო უნივერსიტეტი.
სტუდენტურ ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია 1 ტური. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში თითოეული ჯგუფის ოთხივე გუნდი გადის, რომლებიც პლეი ოფში (მეოთხედფინალში) ჯვარედინი სისტემით, დაკავებული ადგილების მიხედვით შემდეგნაირად წყვილდებიან: 1-4, 2-3, 3-2, 4-1