დღეს, თბილისი არენაზე, საქართველოს ტექნიკურ და საერთაშორისო უნივერსიტეტების დრამატული, 2-ოვერტაიმიანი მატჩით სტუდენტური ლიგა დაიწყო. ეს გახლავთ მე-5 გათამაშება, რომელიც საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება და მისი გამარჯვებული ჩემპიონის ტიტულთან ერთად პროფესიული, “ა” ლიგის საგზურს მიიღებს.
სტუდენტური ლიგა მიზნად ისახავს სტუდენტი კალათბურთელების პროფესიულ სპორტში ჩართვას, სტუდენტური გულშემატკივრობის გაძლიერებას, უმაღლეს სასწავლებლებსა და ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ამ სეზონში სტუდენტურ ლიგაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6-ის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან: სპორტუნი, თსუ, თსსუ, სტუ, თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი. დარჩენილ 2 ადგილს შეავსებენ სტუდენტური B ლიგისა და საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებულები. საკვალიფიკაციო რაუნდში ერთმანეთს შეხვდებიან სეუ და სტუდენტურ B ლიგაში მეორე ადგილზე გასული გუნდი. სეუ-ს რაც შეეხება, ამ გუნდმა სტუდენტური ლიგის წინა გათამაშებაში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილის შენარჩუნება საკვალიფიკაციო რაუნდში მართებს.
გიორგი ცხოვრებოვი სამმაგი დუბლის ავტორი გახდა
სტუდენტური ლიგის მონაწილე რვავე გუნდი ერთ ჯგუფში იქნება თავმოყრილი და ორ წრედ ითამაშებს, რის შემდეგაც ყველა მათგანი პლეი ოფში გადაინაცვლებს და მეთხედფინალში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდება. პირველზე გასული მერვეადგილოსანს შეხვდება, მეორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე – მეხუთეს.
რაც შეეხება სტუდენტური ლიგის გახსნით მატჩს, მისი გამარჯვებულის გარკვევას 2 დამატებითი დრო დასჭირდა. გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ვერც თამაშისთვის განკუთვნილ ძირითად 40 წუთში და ვერც დამატებით 5-წუთეულში. მეორე ოვერტაიმში საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელიც ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ფაქტობრივად განწირული იყო, გამარჯვება მოიპოვა.
თავად განსაჯეთ: მატჩის 35 წუთზე ტექნიკური უნივერსიტეტის წევრმა, ზუკა შერაზადაშვილმა სამქულიანი ჩააგდო და სტუ 67:55 დააწინაურა. ძირითადი დროის დასრულებამდე დარჩენილ 5 წუთში გიორგი კეკელიას გაწვრთნილმა (მთავარი მწვრთნელი დავით ნოზაძე პირადი მიზეზის გამო თამაშზე არ იმყოფებოდა) უნივერსიტეტელებმა 12:0 გაქცევა მოაწყვეს, რის დროსაც თავი განსაკუთრებით გიორგი ასანიძემ, ბაჩო ონიანმა და გიორგი ცხოვრებოვმა გამოიჩინეს. ქულებიც სწორედ ამ 3 მოთამაშეზე მოდის.
ასანიძემ გამთანაბრებელი გარღვევა საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე ჩააგდო და მატჩის ძირითადი დროც ფრედ – 67:67 დასრულდა. 5-წუთიანი ოვერტაიმის შემდეგ კვლავ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა – 78:78. მეორე ოვერტაიმში საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა სტუ გატეხა, რაც ძირითადად შორი სროლებით მოახერხა. ნიკოლოზ მურცხვალაძემ და გიორგი შეროზიამ სამქულიანები ჩააგდეს და სტუ-მ რომ თავისი შეტევები ვერ გამოიყენა. მატჩის ბედიც გაირკვა. საბოლოო ანგარიშია 92:80 (სტატისტიკა).
გამარჯვებულებს სუპერლიგისა და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა მოთამაშემ, გირგი ცხოვრებოვმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა – 20 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა. 19 ქულა დააგროვა როლანდ გილაურმა, გიორგი ასანიძის ანგარიშზე კი 9 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. ტექნიკოსებში 22 ქულით გიორგი შერაზადაშვილი გამოირჩა, რომელმაც 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, დავით მეშვილდიშვილმა თამაში 12 ქულით, 18 მოხსნითა და 4 დაფარებით დაასრულა.
სტუდენტური ლიგის მომდევნო მატჩი 12 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი სამედიცინო უნივერსიტეტს შეხვდება.