დაიწყო სტუდენტური ლიგა, რომელიც საუნივერსიტეტო სპორტისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით 2018 წლიდან ტარდება. დღეს, თბილისი არენაზე გაიმართა ტურნირის პირველი მატჩი, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი.
მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ნიკა ბიწკინაშვილის სამქულიანმა თსუ-ს ლიდერობა დაუბრუნა, რის შემდეგაც თსუ-მ მეტოქის შეტევა ჩაშალა და გამარჯვება გაინაღდა. მთელი შეხვედრის მანძილზე ბრძოლა გარდამავალი იყო. გუნდები შედეგიანად პაუზებით თამაშობდნენ, შესაბამისად, ლიდერიც პერიოდულად იცვლებოდა და საბოლოოდ თსუ-მ 67:61 (სტატისტიკა) იმარჯვა.
თსუში 13-13 ქულით ალექსანდრე გოგოლაშვილი და გიორი ჭედია გამოირჩნენ. 10 ქულა შალვა მეტონიძის ანგარიშზეა. გთუნიში 14 ქულით, 8 პასითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ცხოვრებოვი. 15 ქულა და 10 მოხსნა გიორგი ფურცელაძის ანგარიშზეა.
დღესვე გაირკვა სტუდენტური ლიგის მე-8 მონაწილე, რომელიც საკვალიფიკაციო რაუნდში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდის მომგები სამედიცინო უნივერსიტეტია. თსსუ მე-4 გუნდად დაემატა B ჯგუფს, ხოლო A ჯგუფშიც 4 გუნდია.
A ჯგუფი: თსუ, გთუნი, აწსუ, სტუ
B ჯგუფი: სეუ, აგრარული, სპორტუნი და თსსუ
გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფებში გუნდები 2 წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც ყველა მათგანი პლეი ოფში გავა და ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდება. შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გუნდი საქართველოს საუნივერსიტეტო ლიგის ჩემპიონი გახდება და მომდევნო, 2023-2024 წლების სეზონის საქართველოს „ა“ ლიგაში იასპარეზებს, სადაც შესაბამის დაფინანსებას მიიღებს და სუპერლიგის საგზურისთვის იბრძოლებს!
სტუდენტური ლიგის მორიგი მატჩი 12 მაისს გაიმართება აგრარული და სპორტის უნივერსიტეტების გუნდებს შორის.