დღეს სტუდენტური ლიგის მორიგი 3 მატჩი გაიმართა. 2 შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, ერთი მატჩიც ქუთაისში ჩატარდა. იმერეთში სათამაშოდ სამეციდინო უნივერსიტეტის გუნდი ჩავიდა, რომელმაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან მიმდინარე ჩემპიონატის პირველი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სერგო იშხნელის გაწვრთნილმა გუნდმა ლიდერობა მეორე პერიოდიდან მოიპოვა და შეხვედრა ისე დაასრულა, მეტოქისთვის დაწინაურების საშუალება არ მიუცია. ქუთაისელებს კი გააზრებული თამაში მხოლოდ პირველ პერიოდში გამოუვიდათ, რომელიც 21:18 მოიგეს, თუმცა შემდეგ ჩამორჩნენ და მოგების შანსი ფაქტობრივად აღარ ჰქონიათ.
გამარჯვებამ ტატო ოთიაშვილის მხრებზე გადაიარა, რომელმაც მედიკოსებს 35 ქულა და 13 მოხსნა შესძინა. 14 ქულა მიითვალა იოანე გოგოლაშვილმა. ქუთაისელთაგან 18 ქულით პაპუნა კირთაძე გამოირჩა.
რაც შეეხება თბილისში გამართულ შეხვედრებს, ბრძოლა არც მათში შედგა. ილიას უნივერსიტეტმა 70:51 დაამარცხა თსუ და მიმდინარე ჩემპიონატში 3-დან 3 გამარჯვებით სტუ-სთან ერთად ლიდერია. დავით ეძგვერაძის გაწვრთნილმა ილიაუნელებმა მეოტოქე მეორე პერიოდიდან გატეხეს და საბოლოოდ 19-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს.
ილიაუნის დაჩი დვალაძემ 23 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა. ვასილ კუტალაძემ 13 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. 10-10 ქულა ბილი ალიევმა და საბა სიფრაშვილმა მიითვალეს. თსუ-ში 18 ქულით საუკეთესო იყო პაპუნა ახალაძე.
დაბოლოს, კავკასიის საერთაშორისო და სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტების მატჩზე ვთქვათ, რომელშიც გამარჯვება კავკასიელებს დარჩათ. შეხვედრა სეუ-ს გაქცევით დაიწყო, თუმცა მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობა ლაშა ეძგვერაძის გაწვრთნილმა გუნდმა ვერ შეინარჩუნა. დიდი შესვენების შემდეგ, მესამე პერიოდში კავკასიელებმა დიდებულად ითამაშეს და სეუ წასაგებად გაწირეს.
კსუ-ს გიორგი სუხაშვილმა და თენგო ხუციშვილმა ულიდერეს. პირველმა 28 ქლა მიითვალა, ხოლო მეორემ – 24. სეუ-ში 19 ქულით გიორგი ნადირაშვილი გამოირჩა. შემდეგი ტურის მატჩები 24,25 და 26 ივნისს გაიმართება.
სტუდენტური ლიგის მატჩების – სტატისტიკა:
http://gbf.ge/league/student-league/