სტუდენტური ლიგის ჩემპიონის გამოსავლენად ფინალური სერია გაიხსნა. მთავარი ტიტულისთვის და პროფესიული – “ა” ლიგის საგზურისთვის ერთმანეთს ტექნიკური და სპორტის უნივერსიტეტები ერკინებიან. ჩემპიონის ტიტულთან ერთად სტუდენტური ლიგის გამარჯვებული სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ “ა” ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, სადაც სახელმწიფო დაფინანსება 60 ათას ლარს შეადგენს. ეს ფუნდამენტური ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც სტუდენტური ლიგის ორგანიზებაში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაც ჩაერთო.
ამ სიახლის შემდეგ სტუდენტური კალათბურთის ლიგაში მოტივაცია და გუნდების დაინტერსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო სეზონი მივიღეთ, რისი ლოგიკური დასასრულიც ფინალური სერიაა. პირველი მატჩი უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. არც ერთი გუნდი არ თმობდა და გასამარჯვებლად ყველაფერს იღებდა. სპორტუნის დებიუტში მოპოვებული უპირატესობა სტუ-მ მეორე პერიოდში გააბათილა და დიდ შესვენებაზე ერთქულიანი ლიდერობით გავიდა – 28:27.
თამაში თანაბრად გაგრძელდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა. საბოლოოდ გამარჯვება მეტად მობილიზებულ სპორტის უნივერსიტეტელებს დარჩათ, რომლებმაც ფინალური სერიის მეორე მატჩის წინ 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 59:53. შეგახსენებთ, რომ ფინალური სერია 2-მატჩიანია და ჩემპიონიც ის გუნდი გახდება, რომელიც 2 შეხვედრის ჯამში მეტ ქულას მოიპოვებს.
გამარჯვებულ სპორტუნივერსიტეტელებს 18 ქულითა და 9 მოხსნით ლევან თავხელიძემ ულიდერა. 17 ქულით და 9 მოხსნით ვლადიმერ დოლიძე გამოირჩა. სტუ-ში 15 ქულით ბომბარდირი დიმიტრი აიანადი გახდა, 13 ქულა და 11 მოხსნა ბექა ლომაშვილის ანგარიშზეა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 14 ივლისს, 18:00 საათზე გაიმართბა, რის შემდეგაც ჩემპიონისა და ვერცხლის პრიზიორთა დაჯილდოვება შედგება.
სტუ – სპორტუნი
სტატისტიკა: 53:59