საკალათბურთო სტუდენტური ლიგის ფინალური სერია დაიწყო. ერთმანეთს ხვდებიან სპორტისა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტთა გუნდების და სასწორზე საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ დევს. გარდა იმისა, რომ გამარჯვებული სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გახდება, ამასთან ის მიიღებს საკალათბურთო “ა” ლიგის საგზურს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტუდენტური გუნდი ინაცვლებს პროფესიულ კალათბურთში, სადაც საბაზისო დაფინანსებას 70 ათასი ლარის ოდენობით კალათბურთის განვითარებისთვის გამოყოფილ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს. “ა” ლიგიდან კი ფანჯარაა გაჭრილი სუპერლიგაში, სადაც დაფინანსება გაცილებით სოლიდურია.
ფინალური სერია 2 გამარჯვებამდეა და პირველი მატჩის მოგებით გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი 1 ნაბიჯით მიუახლოვდა როგორც ჩემპიონობას, ისე – “ა” ლიგის საგზურს. დავით და სანდრო ნოზაძეების გაწვრთნილმა გთსუ-მ დამაჯერებლად ითამაშა სპორტუნის წინააღმდეგ და დამსახურებული გამარჯვება გაიფორმა – 85:78 (სტატისტიკა).
საბოლოოდ თავართქილაძელებმა 7 ქულით იმარჯვეს, თუმცა ბოლო პერიოდში 15 ქულით (71:56) იგებდნენ და ყველაფერი სათავისოდ ჰქონდათ გარკვეული. დასკვნით წუთებში სპორტუნელებმა ძალიან კი მოინდომეს, მაგრამ სოლიდურად დაწინაურებულ გთსუ-ს ვეღარ დაეწივნენ.
გამარჯვებულთაგან 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით საუკეთესო იყო საბა დაბრუნდაშვილი. საკმაოდ ეფექტური იყო ირაკლი ჯებაშვილი, რომელმაც 10 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა. 19 ქულით კი ბომბარდირი გიორგი დოლიძე გახდა. სპორტუნის შემადგენლობაში 30 ქულითა და 11 მოხსნით შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა ოთარ გაბეხაძემ – 30 ქულა, 11 მოხსნა.
ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 18 ივლისს, ოლიმპიური სასახლის “ა” დარბაზში გაიმართება.