თსსუ სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გახდა და “ა” ლიგის საგზური მოიპოვა

თსსუ სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გახდა და “ა” ლიგის საგზური მოიპოვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი სტუდენტური ლიგის ჩემპიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშა ელბაქიძისა და ზურაბ მაისურაძის გაწვრთნილი თსსუ მომავალ სეზონში A ლიგაში იასპარეზებს. სამედიცინო უნივერსიტეტს დარჩება გუნდი სტუდენტურ ლიგაში, რომელშიც ახალბედები ითამაშებენ, ამ გუნდის ბირთვს კი სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ A ლიგაში მოუწევს ასპარეზობა, რაც განვითარებისა და წინსვლისთვის საბაზისო დაფინანსების გარანტიას ნიშნავს.

მედიკოსებმა ფინალურ სერიაში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს. ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა სტუ-მ ყველაფერი გააკეთა, რომ სადებიუტო მარცხის შემდეგ ფინალური სერია გაეთანაბრებინა და ბრძოლა გადამწყვეტ მატჩამდე მიეყვანა, თუმცა ბოლო წამებზე ჩაგდებული საჯარიმოს წყალობით თსსუ-მ მინიმალური სხვაობით, 60:59 გაიმარჯვა და სერიაში 2:0 დაწინაურებით ჩემპიონობა მოიპოვა.

არადა შეხვედრა სტუ-ს დიდი უპირატესობით დაიწყო. ტექნიკოსებიმა პირველი პერიოდი 18:7 მოიგეს და მიუხედავად იმისა, რომ მეორეს შუაწელში მედიკოსებმა გაათანაბრეს, დიდი შესვენებისთვის კვლავ ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს – 32:24. მესამე პერიოდში სტუ-მ კიდევ უფრო მოუმატა, ფარქვეშ აქტიურობას პერიმეტრიდან შეტევებსაც წარმატებით უთავსებდა, რისი წყალობითაც ტექნიკოსები 11 ქულით დაწინაურდნენ (41:30), თუმცა მესამე პერიოდის მიწურულისკენ ვითარება დიამეტრულად შეიცვალა. გიორგი ასათიანის, ლუკა ხარაბაძის და ზაურ გრიგოლაშვილის შედეგიანობით თსსუ-მ 10:0 გაქცევა მოაწყო, ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და ყველაფერი ახლიდან დაიწყო.

ბოლო პერიოდი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ბოლო წამებამდე უცნობი იყო, ვინ მოიგებდა. მედიკოსებმა მცირე ლიდერობა მოიპოვეს და ბოლო წამებამდე ინარჩუნებდნენ. შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით წუთით ადრე შოთა ლეშკაშელმა სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც გუნდებმა არაზუსტი შეტევები გაცვალეს და საბოლოოდ საჯარიმოს ხაზზე თსსუ-ელი ზაურ გრიგოლაშვილი დადგა, რომელმაც 1 ბურთი ჩააგდო და სამედიცინო უნივერსიტეტს მინიმალური სხვაობით გაამარჯვებინა. 

მოედანი თსსუ-ს და მისი ქომაგების ზეიმის ასპარეზად იქცა. გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც სტუ ვერცხლის, ხოლო თსსუ ოქროს მედლებით კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა გაგა გაჩეჩილაძემ და საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვეს.

სტუდენტური ლიგის საუკეთესო მოთამაშედ თსსუ-ს გამთამაშებელი, ლევან აფციაური დასახელდა, რომელსაც პრიზი გაგა გაჩეჩილაძემ გადასცა. მედიკოსთა კაპიტანი, ზაურ გრიგოლაშვილი საჩემპიონო თასით გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა.

ამ მატჩამდე გაიმართა შეხვედრა ბრინჯაოს მედლებისთვის, რომელშიც აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა 91:76 (სტატისტიკა) დაამარცხა სპორტუნი და სტუდენტურ ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლებით აგრარელები საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა.