სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 3 ტურში უნდა გაირკვეს ის გუნდი, რომელიც “ა” ლიგაში დაქვეითდება და ასევე ისიც, რომელიც სუპერლიგაში დარჩენას საკვალიფიკაციო რაუნდში, “ა” ლიგის ფინალისტთან ეცდება. დიდი ალბათობით, ეს არ იქნება “ბათუმი”, რომელმაც დღეს ოლიმპიურ სასახლეში “დინამო” დაამარცხა და მართალია, ოფიციალურად არა, მაგრამ სუპერლიგაში დარჩენის ამოცანა თითქმის შეასრულა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი ბათუმელები გადათამაშებაში რომ მოხვდნენ, დარჩენილი 2 მატჩი უნდა წააგონ, ხოლო მისმა კონკურენტებმა – “ტიტებმა” და “კაკტუსმა” დარჩენილი სამივე შეხვედრა უნდა მოიგონ, რისი შანსიც ძალიან მცირეა.
არადა, “ბათუმმა” პირველი პერიოდი 19:28 წააგო და წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ზღვისპირელებმა მეორე ათწუთეულში გამოასწორეს ვითარება, დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს და წარმატებით თამაში მესამე პერიოდშიც განაგრძეს.
ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც ბათუმელებმა გაცილებით შედეგიანად ჩაატარეს. გამოსარჩევია ლევან ელიაძის შედეგიანი თამაში, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. საბოლოოდ “ბათუმმა” 80:73 მოიგო და 16 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 9 მარცხით ცხრილში მე-7 ადგილზე გამაგრდა.
გამარჯვებულთაგან 16 ქულით ბომბარდირი კეისი შეპარდი გახდა. 15 ქულა ჰქონდა ნოდარ თენიეშვილს, ხოლო ელიაძის ანგარიშზე 15 ქულასთან ერთად 11 მოხსნაც დაგროვდა. “დინამოში” 19 ქულა-11 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან სვოპშირი.
დინამო – ბათუმი
სტატისტიკა: 73:80