საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი მატჩი დღეს ბათუმში ჩატარდა. აჭარის დედაქალაქში სათამაშოდ “მგზავრები” ჩავიდა, რომელმაც მასპინძლებს ღირსეული ბრძოლა გაუმართა და შეხვედრა ბოლო წუთებზე – 70:78 დათმო.
“ბათუმმა” ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო, თუმცა შემდეგ რამდენიმე მოულოდნელი მარცხი განიცადა და ახლა ცხრილში საქმის გამოკეთებას ცდილობს. ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი გახლდათ დღევანდელი მატჩი ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ “მგავრებთან”. ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილ ბათუმელებს გულშემატკივართა სოლიდური დახმარება ჰქონდათ და მათაც იმედები არ გააცრუეს. მატჩის გადამწყვეტ პერიოდში გამოჩენილი შედეგიანობის წყალობით “ბათუმმა” 78:70 იმარჯვა და აქტივში მე-7 გამარჯვება (12 მატჩში) ჩაიწერა.
არადა, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი “მგზავრები” საკმაოდ კარგად ირჯებოდნენ და გუნდური თამაშის წყალობით მეორე პერიოდის ბოლოსწინა წუთზე 14 ქულით – 44:30 დაწინაურდნენ. დიდ შესვენებამდე დარჩენილი მონაკვეთი მასპინძლებმა 5:0 მოიგეს და ჩამორჩედნა 9 ქულამდე შეამცირეს. შესვენებიდან დაბრუნებული ბათუმელები უფრო შედეგიანად ათამაშდნენ და ანგარიში გაათანაბრეს. “მგზავრებმა” არ დათმეს და მესამე პერიოდი ბრძოლაში, ლიდერის ამპლუაში ჩაამთავრეს – 56:54.
ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა მეტოქე მაინც გატეხეს, თუმცა ბოლო წუთებამდე გარკვეული არაფერი იყო. ბათუმელებმა საბოლოოდ 8 ქულით იმარჯვეს და 2017 წლის თამაშები დაასრულეს. აჭარულ გუნდს ამერიკელმა სპენსერ კოლინსმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი – 25 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 13 ქულა ილია შემოსიუკმა, ხოლო 12 – ლეონიდ სტეპანიშინმა მოაგროვა. “მგზავრებში” 16 ქულით ბომბარდირი გახდა ავთო ლომინაშვილი. 15 ქულა მოაგროვა დავით ბარბაქაძემ, ხოლო 12-12 – კახა ჯინჭარაძის და ადრიან ბოუის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მიმდინარე წლის ბოლო მატჩები ხვალ, 30 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: “ოლიმპი” – “მარნეული” (16:00), “დინამო” – “სოხუმი” (18:00).
ბათუმი – მგზავრები
სტატისტიკა: 78:70