28 მარტს თბილისში 3 მატჩით დაწყებული სუპერლიგის 25-ე ტური ბათუმში დასრულდა. აჭარას გათამაშების ლიდერი “ქუთაისი” ესტუმრა და 19 ქულის სხვაობით – 60:79 დამარცხდა.
ბათუმელებზე არ იმოქმედა იმ უცნაურმა გარემომ, რაც დარბაზში სუფევდა. წინა ბათუმურ მატჩში მაყურებელთა მხრიდან მსაჯის შეურაცხყოფის გამო გუნდს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინი-ტექნიკური კომისიისგან სასჯელი დაეკისრა – ქულად ჯარიმასთან ერთად მომდევნო 2 მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარება. ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილი გუნდისთვის ადგილობრივ ქომაგთა მხარდაჭერის არქონას გავლენა არ მოუხდენია – ბათუმელებმა სუპერლიგის ლიდერს დიდი სხვაობით სძლიეს.
მატჩის უმეტესმა ნაწილმა ბრძოლაში, თანაბრად ჩაიარა. მასპინძლები ლიდერობდნენ, მაგრამ სოლიდურად დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. პირველი ნახევრის შემდეგ ბათუმელები 8 ქულით ლიდერობდნენ, მაგრამ მესამე პერიოდში ქუთაისელებმა 5 ქულა გაქვითეს და ბოლო მეოთხედის წინ ზღვისპირელებს ლიდერობიდან 3 ქულა შერჩათ. სწორედ მაშინ, როცა გადამწყვეტ პერიოდში საინტერესო ბრძოლა უნდა შემდგარიყო, თამაში მასპინძელთა დიდი უპირატესობით ჩამთავრდა. დასკვნითი 10-წუთეული აჭარულმა კლუბმა 22:6 მოიგო და შეხვედრაც დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.
ბათუმელებს ლეონიდ სტეპანიშინმა (16 ქულა, 8 მოხსნა) და სპენსერ კოლინსმა (18 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი) ულიდერეს. 13 ქულა და 8 მოხსნა მესამე ლეგიონერმა – ერიკ ჩილდრესმა მოაგროვა. “ქუთაისში” 19 ქულით ჯონათან ლი გამოირჩა. აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის 26-ე ტურის 31 მარტს თბილისში დაგეგმილი მატჩები გადადებულია. ტურის დარჩენილი 2 მატჩი ქუთაისსა და რუსთავში – შესაბამისად 1 და 2 აპრილს გაიმართება.
ბათუმი – ქუთაისი
სტატისტიკა: 79:60