ბათუმმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება ცხუმ-აფხაზეთთან მოიპოვა

ბათუმმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება ცხუმ-აფხაზეთთან მოიპოვა

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “ბათუმმა” სუპერლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. აჭარული გუნდი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ცხუმ-აფხაზეთს” დაუპირისპირდა და 88:83 (სტატისტიკა) დაამარცხა. თავის მხრივ, ცხუმელებისთვის ეს იყო ზედიზედ მე-4 წაგება და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდი ლიდერებს გვარიანად ჩამორჩა.

ბათუმელებმა ბრძოლისა და გუნდური თამაშის წყალობით იმარჯვეს. პირველ პერიოდში აჭარული გუნდი 5-7 ქულით ჩამორჩებოდა და ესე გაგრძელდა მეორე ათწუთეულის ბოლომდე, სანამ ბერიშვილის გუნდი თამაშს დაალაგებდა. ზღვისპირელთა ეფექტურ დაცვას ის შედეგი მოჰყვა, რომ ცხუმელებმა ბურთების ხშირი აცილება დაიწყეს, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და დიდ შესვენებამდე ანგარიში ხომ გაათანაბრეს, ბოლო წამებზე დაწინაურდნენ კიდეც – 45:43 დიდი შესვენებისთვის.

ბათუმელთა წარმატებული თამაში მესამე პერიოდიდან განახლდა. როგორც პერიმეტრიდან, ისე სწრაფი გარღვევებითა და ფარქვეშა თამაშით აჭარლები ქულას ქულაზე იხვეჭდნენ და მესამე პერიოდის 23:16 მოგების შემდეგ, გადამწყვეტი ათწუთეულის წინ, “ბათუმი” 68:59 დაწინაურდა. ბოლო პერიოდში დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. ცხუმ-აფხაზეთის მოთამაშეები თამაშის გარდატეხის ზღვარზე რამდენჯერმე მივიდნენ, თუმცა ბათუმელებმა არ დაანებეს – არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდეს და გამარჯვება, რომ იტყვიან, კბილებით შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, ოთარ პერტაიას ბოლოსწინა წუთზე ჩაგდებული სამქულიანი და დასკვნითი საჯარიმოები, რითაც ცხუმ-აფხაზეთს წარმატების შანსი გადაეწურა.

ბათუმელთაგან 18 ქულით, 7 მოხსნითა და 4-4 ჩაჭრა-პასით საუკეთესო იყო დენის მარვინი. 19 ქულა და 10 მოხსნა ბექა ბექაურმა მიითვალა, რომელმაც უჩვეულოდ ცუდი პროცენტულობით ესროლა საჯარიმოები: 10-დან 2. 16 ქულა საბა ლობჯანიძემ მოაგროვა. ცხუმ-აფხაზეთში 22 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ალექსანდრ ფიკოკი. 19 ქულა ტაილერ გრინმა მიითვალა.

მორიგ მატჩში ერთმანეთს “ტიტები” და “ქუთაისი” დაუპირისპირდებიან.