გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-2 ტური დღეს გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. სუპერლიგის დებიუტანტმა “ვერამ” მეორე მატჩიც მოიგო. პირველ ტურში “ქუთაისის” ძლევის შემდეგ, ვერელებმა დღეს “რუსთავი” დაამარცხეს. შემადგენლობებს თუ შევადარებთ, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი “რუსთავი” გახლავთ, რომელსაც ეროვნული ნაკრების წევრები და კანდიდატები ჰყავს, ხოლო გუნდს ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კეცელიდისი წვრთნის.
“ვერას” ირაკლი ხოშტარია უძღვება, რომელის საკუთარი მოთამაშეებისგან მაქსიმუმს იღებს. “ქუთაისთანაც” და დღეს “რუსთავთანაც” ვერელებმა შესანიშნავი კალათბურთი ითამაშეს. გუნდს ერთ-ერთ წამყვან ძალად ახალგაზრდა მოთამაშეები მოევლინნენ. 18 წლის ირაკლი სულხანიშვილი 17 ქულით სულაც მატჩის ბომბარდირი გახდა, რომელმაც ასევე 10 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. 25 წუთზე მეტი ითამაშა და 9 ქულა მოიხვეჭა ტატო ზუზაძემ, ხოლო 9 წუთი იმყოფებოდა მოედანზე და 1 სამიანიც მიითვალა 17 წლის თორნიკე ანჯაფარიძემ.
“რუსთავის” გამოცდილმა და საქართველოში სახელმოხვეჭილმა მოთამაშეებმა ვერაფერი გააწყვეს გამართულად მოთამაშე “ვერას” წინააღმდეგ. ახალგაზრდებთან ერთად ვერელთა შეტევებს ორგანიზებას უწევდნენ გამთამაშებლები – ბრენდონ სლაი და გივი ბაქრაძე, ფარქვეშ კი ვახტანგ ქადარიასა და ვენდელ ლუისს დიდად ეხმარებოდა ნოდარ თენიეშვილი. ერთი სიტყვით, “ვერამ” დაბალანდებული თამაშის ხარჯზე მოიგო, რაშიც საკვანძო როლს ასრულებდა დაცვა. სიხისტის ზღვარზე მოთამაშე და ვერელები გასაქანს არ აძლევდნენ “რუსთავის” არც ლეგიონერებს და არც ქართველ მოთამაშეებს. წინა მატჩის მსგავსად, “ვერამ” გადამწყვეტი იერიში მეტოქეზე ბოლო პერიოდში მიიტანა, რაც ამ გუნდის კარგ ფიზიკურ მომზადებაზეც მეტყველებს. შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე ტატო ზუზაძისა და ირაკლი სულხანიშვილის ზუსტი სამქულიანების შემდეგ ვერელთა ლიდერობამ 19 ქულას მიაღწია და რუსთაველთა მარცხის ამბავიც საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გაცხადდა.
ვერელთა შორის სულხანიშვილთან ერთად შედეგიანობით ბრენდონ სლაი გამოირჩა. ამერიკელმა გამთამაშებელმა 12 ქულა, 12 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 13 ქულა ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე დაგროვდა, 12 ქულა კი გივი ბაქრაძის ანგარიშზეა. “რუსთავში” 14 ქულითა და 13 მოხსნით ნიკოლა ტადიჩი გამოირჩა. 11-11 ქულა ოთო ფხაკაძისა და დენზელ ლივინგსტონის ანგარიშზეა.
ამ მომენტისთვის “ვერას”, თსუ-ს და “დინამოს” 2 ტურში 2 მოგება აქვთ და ცხრილს ლიდერობენ
ვერა – რუსთავი
სტატისტიკა: 80:71