დინამომ ბათუმი ბოლო პერიოდში გატეხა

დინამომ ბათუმი ბოლო პერიოდში გატეხა

გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-2 ტური დღეს გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. “დინამო თბილისი” ბოლო პერიოდამდე აგებდა “ბათუმთან”, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში მოწყობილი სპურტის წყალობით დინამოელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 97:88 (სტატისტიკა).

ზღვისპირელებმა თამაში შედეგიანად და სტაბილურად დაიწყეს. როგორც შორი, ისე ახლო სროლებით ქულებს იოლად იხვეჭდნენ და თავიდანვე ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ – პეტარ არანიტოვიჩისა და ნიკოლა ვუიოვიჩის შედეგიანობით “ბათუმმა” პირველი პერიოდი 26:13 მოიგო. 

დინამოელები ცდილობდნენ ვითარების შეცვლას, მაგრამ ეს კარგა ხანს არ გამოსდიოდათ. ბოლო პერიოდამდე ბათუმელთა ლიდერობა ხელჩასაჭიდი იყო. გია კაზანჯიანის გუნდი თითქოს მშვიდად უნდა მისულიყო გამარჯვებამდე, თუმცა ბოლო პერიოდი და დინამოელთა შედეგიანი თამაში ერთად დაიწყო. 5-წუთიანი მონაკვეთი, რომელიც მესამე პერიოდის ბოლოს დაიწყო და ბოლო მეოთხედის შუაში დასრულდა, “დინამომ”20:4 მოიგო და 7 ქულით დაწინაურდა. 

დარჩენილ დროში მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილი დინამოელები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და სუპერლიგას 2-დან 2 მოგებით ლიდერობენ. ბათუმელებს კი 2 მარცხი აქვთ. “დინამოში” 21 ქულით, 13 მოხსნითა და 8 პასით საუკეთესო იყო ტაილერ უილიამსი. 25 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ბულაშვილი, ხოლო ნიკა დარბაიძის ანგარიშზე 18 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. “ბათუმში” 11 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით საუკეთესო იყო ნიკოლა ვუიოვიჩი. 24 ქულა დააგროვა პეტარ არანიტოვიჩმა, ლევან მასხულიას ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-2 ტურის ბოლო მატჩში “მგზავრები” თსუ-ს შეხვდება. უყურეთ მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას: http://gbf.ge/league/federation/live-game/5349465?whId=1772638&fbclid=IwAR03KQ3w3kBzodlhjPplxwA3NRUCLspHcX841UGKJaHrS4CBJsXwmoGfPao