“დინამომ” “კაკტუსი” ბოლო პერიოდში გატეხა

“დინამომ” “კაკტუსი” ბოლო პერიოდში გატეხა

სუპერლიგის მე-14 ტური რამდენიმე დღეზეა გადანაწილებული, რომელიც 20 აპრილს “თსუ-ჰიუნდაი” – “ოლიმპის” მატჩით გაიხსნა, ქუთაისში გუშინ გამართული მატჩით გაგრძელდა, დღეს კი თბილისში 2 შეხვედრა იმართება. პირველი მატჩი დასრულდა – “დინამომ” 83:70 დაამარცხა “კაკტუსი” და ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა.

თავის მხრივ “კაკტუსისთვის” მძიმე იყო ეს წაგება. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდი სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის და მისი მთავარი მიზანი საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრაა, რადგან დებულების თანახმად, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო გუნდი “ა” ლიგაში ქვეითდება, ხოლო მე-9 ადგილზე გასულს სუპერლიგაში დასარჩენად “ა” ლიგის ფინალისტთან საკვალიფიკაციო რაუნდის თამაში უწევს.

არადა, კაკტუსელები ბოლო პერიოდამდე ჩინებულად თამაშობდნენ. ჟღენტის გუნდი უმეტესად ლიდერობდა, დასკვნით პერიოდს კი 2-ქულიანი ლიდერობით შეხვდა. დასკვნით ათწუთეულში ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა სრული მობილიზებითა და რაც მთავარია, მინიმალური შეცდომებით ითამაშეს. ბოლო პერიოდი “დინამომ” 27:12 მოიგო და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

დინამოელებს 22 ქულით ჯორდან სვოპშირმა ულიდერა. 17 ქულა მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა. 16 ქულა და 9 მოხსნა დემაგოი ბუბალოს ანგარიშზეა. “კაკტუსში” 17-17 ქულით ნიკოლას ნილი და დომინიკ ელიოტი გამოირჩნენ.