სუპერლიგის მე-8 ტურის ჯერჯერობით ყველაზე დაძაბული და საინტერესო მატჩი “დინამოსა” და “ქუთაისს” შორის დაპირისპირებაა. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში გამარჯვებულის ბედი საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გადაწყდა. ქუთაისელთა სერბმა ცენტრმა, მილოშ პაიოვიჩმა დასრულებამდე 2 წამით ადრე 1 საჯარიმო ჩააგდო, მეორე კი ააცილა და ხელები თავზე შემოირტყა. აცილება წაგებას ნიშნავდა, რადგან “დინამო” 84:83 იგებდა და პაიოვიჩის აცილებული ლუკა ბულაშვილმა რომ მოხსნა, დროც დამთავრდა. “დინამომ” 1 ქულით გაიმარჯვა, არადა, მეორე პერიოდში 17 ქულით – 46:29 იგებდა და თითქოს არაფერი ემუქრებოდა.
დიდ შესვენებაზე ქუთაისელებმა თამაში კარგად გააანალიზეს და მესამე პერიოდიდან ინიციატივას დაეპატრონნენ. იმერულმა კლუბმა თამაში სერბ ლეგიონერ მილოშ პაიოვიჩზე ააწყო, რომელიც სამწამიანში გამაგრდა და მას პასებით შედეგიანად ამარაგებდნენ ჯეიმზ მილიკენი, შონ რაუნდთრი და მეორე მეფარე ბექა ბექაური. როცა პაიოვიჩის ფარქვეშა ორქულიანებს პერიმეტრიდან მილიკენის სამიანებიც დაემატა, ქუთაისელებმა ჯერ ჩამორჩენა გააბათილეს (63:64 მესამე პერიოდის შემდეგ), ბოლო მეოთხედის ახალდაწყებულზე კი დაწინაურდნენ კიდეც.
გადამწყვეტ ათწუთეულში თანაბარი თამაში გაჩაღდა. ბოლოსწინა წუთზე კევინ ობრაიანისა და ტაილერ უილიამსის შედეგიანი შეტევების შემდეგ დინამოელები 7 ქულით – 82:75 დაწინაურდნენ. დასრულებამდე 75 წამი რჩებოდა და თამაშის ბედიც გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა მილიკენის სამქულიანითა და ტაქტიკური ჯარიმებით ქუთაისელებმა იმდენს მიაღწიეს, რომ ბოლოსწინა წამზე ანგარიშის გათანაბრების რეალური შესაძლებლობა მიიღეს. როგორც აღვნიშნეთ, პაიოვიჩმა 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და გამარჯვება დინამოელებს დარჩათ.
თბილისურ გუნდს 20 ქულით კევინ ობრაიანმა ულიდერა. 17 ქულა და 7 მოხსნა ტაილერ უილიამსმა, ხოლო 12 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი ლუკა ბულაშვილმა მოაგროვა. ქუთაისელთაგან 28 ქულით ჯეიმზ მილიკენი გამოირჩა. 26 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მილოშ პაიოვიჩმა მოაგროვა. 11-11 ქულა შონ რაუნდთრიმ და ბექა ბექაურმა მიითვალეს.
მე-8 ტურის ბოლო მატჩში “კაკტუსი” “ვერას” ეთამაშება.
დინამო – ქუთაისი
სტატისტიკა: 84:83